
სააკაშვილი: საქართველო აღარასდროს უნდა იყოს ვინმეს მეორეხარისხოვანი დანამატი
საქართველო არცერთი ქვეყნის მეორე ხარისხოვანი დანამატი აღარ იქნება, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა 9 მარტს.
”ჩვენმა მთავრობამ და ჩვენ ყველამ გავაკეთეთ არჩევანი – ჩვენ ვიქნებით ევროპაში, ჩვენ ვიქნებით თავისუფლები, როგორც ქართველები, როგორც თავისუფალი ქვეყნის მრავალეთნიკური ერი და მათ შორის რუსეთის გარეშე,”- განაცხადა მან, ”ჩვენ არავის მეორეხარისხოვანი დანამატი არცერთ შემთხვევაში არ ვიქნებით – არც ევროპისკენ მოძრაობაში და არც, მითუმეტეს იმ იმპერიაში დაბრუნებაში, სადაც უკან გვექაჩებიან. ჩვენ გვაქვს იმხელა კულტურა, იმხელა ხელოვნება, იმხელა განათლებულობა საქართველოში, რომ ჩვენ არავისგან არაფრის გადაღება და არავის კუდში ჩანჩალი არ გვჭირდება”.
ეს განცხადება მან ბათუმში, შაჰინის სახელობის ლიცეუმის ახალრეაბილიტირებული შენობის გახსნის ცერემონიაზე გააკეთა.
სააკაშვილმა თავის გამოსვლაში ისტორიული პარალელი გაავლო 1918-21 წლების მოვლენებთან. მისი თქმით, საქართველოს მაშინდელი მთავრობის მეთაური, ნოე ჟორდანია მოუწოდებდა რუსეთს ევროპისკენ ერთად სვლისკენ და იმავდროულად, ”ამხანაგი ფილიპე მახარაძე და ამხანაგი ორჯონიკიძე” ამბობდნენ, რომ არ უნდოდათ ევროპა და მიილტვოდნენ მხოლოდ რუსეთისკენ იმ მოტივით, რომ ”რუსეთი არის ძლიერი და რუსეთი არის მომავლის მქონე სახელმწიფო”.
”ორივენი ცდებოდნენ,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”ჟორდანიასაც და საქართველოს მოღალატე ჯგუფებსაც ჰქონდათ ერთი რამ, რაც მათ აერთიანებდათ – მათ ორივეს ვერ წარმოედგინა საქართველო რუსეთის გარეშე”.
”რა თქმა უნდა საქართველოში ყოველთვის იყო ხალხი, რომელსაც არ უყვარდა თავისი ქვეყანა. რა თქმა უნდა, არის გარკვეული პროცენტი, ძალიან ერთეულები, მაგრამ ხალხის, ვისაც ჯანსაღი კრიტიკული დამოკიდებულება აქვს ჩვენი რეალობისადმი და ჩვენი მთავრობისადმი, რაც არის დემოკრატიის აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილი, ჯერ გადაეზარდა სიძულვილში საკუთარი მთავრობის, რაც უკვე არანორმალურია და შემდეგ საკუთარი მთავრობის სიძულვილი გადაეზარდა ქვეყნის და ხალხის სიძულვილში, რაც უკვე არის აბსოლუტურად საზიზღარი გადახრა,”- განაცხადა მან.
მისი თქმით, ამჟამად რუსეთში 400 ათასზე ნაკლები ქართველი ცხოვრობს. ”მაგრამ ვერცერთი მათგანი ვერ გამოიყენეს საქართველოს წინააღმდეგ. იცით რატომ? იმიტომ, რომ მათ ყველაზე კარგად იციან საქართველო და მისი თავისუფლების ფასი და განსხვავება ავტორიტარულ, არა თავისუფალ სისტემას შორის და იმ სისტემას შორის, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ საქართველოში”.
”ჩვენ მივდივართ სწორი მიმართულებით და ისინი მიდიან, პირიქით უკან, ამიტომ ვერავინ ვეღარასდროს საქართველოს ვერ დააბრუნებს ბნელ წარსულში უკან. ჩვენ ამ ბავშვებთან ერთად წავალთ თანამედროვე ევროპულ მომავალში და ყველანი ერთად გავიმარჯვებთ,”- აღნიშნა სააკაშვილმა.