
სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა მთავრობა დააკომპლექტა
სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა მთავრობის დაკომპლექტების პროცესი დაასრულა, რის შედეგადაც მისი მეორე ვადით არჩევის შემდეგ მინისტრების დიდმა ნაწილმა თანამდებობები შეინარჩუნა.
”აფსნიპრესის” ცნობით, სეპარატისტული აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაქსიმ ღვინჯია გახდა, რომელიც ამავე სამინისტროში მინისტრის მოადგილედ მუშაობდა და აფხაზურ დელეგაციას ხელმძღვანელობდა ჟენევის დისკუსიებზე.
საგარეო უწყების ყოფილი ხელმძღვანელი სერგეი შამბა მთავრობის პრემიერად 13 თებერვალს დაინიშნა.
მთავრობაში პოსტები შეინარჩუნეს შინაგან საქმეთა მინისტრმა ოთარ ხეციამ, ასევე თავდაცვის მინისტრმა მერაბ ქიშმარიამ და ეკონომიკის მინისტრმა ქრისტინა ოზგანმა.
იმავდროულად, ”იტარ-ტასსი” 26 თებერვალს იტყობინება, რომ სეპარატისტული აფხაზეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ამჟამად არგენტინას სტუმრობს ლათინურ ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში.
”არგენტინასა და აფხაზეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები ჯერ არ არის, მაგრამ ვიმედოვნებთ რომ დავამყარებთ,”- განაცხადა ღვინჯიამ, ”ჩვენ ახლა გვაქვს ლათინურ ამერიკაში სამი საელჩოს გახსნის გეგმები: ნიკარაგუაში, ვენესუელასა და არგენტინაში”.
ნიკარაგუამ და ვენესუელამ, რუსეთის და ნაურუს მსგავსად საქართველოს სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობა აღიარეს.
This post is also available in: English Русский