ახალი ამბები

ჟენევაში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შესახებ შეხვედრა გაიმართა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ეგიდით ჟენევაში ქართული, სამხრეთ ოსური და რუსული წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა შეხვედრა, სადაც განიხილეს 2008 წლის აგვისტოს ომში და მის შემდგომ პერიოდში უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების მიზნით საკოორდინაციო მექანიზმების შექმნის საკითხი.

საქართველოს შსს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელის შოთა უტიაშვილის განცხადებით, საკოორდინაციო ფორმატზე შეთანხმების შემდეგ დაიწყება კონკრეტული საქმეების განხილვა, ასევე ცხედრების გადმოსვენების პროცესი.

უტიაშვილმა განაცხადა, რომ ჟენევაში ქართულმა მხარემ წარადგინა სულ 37 უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის სია, საიდანაც 25 სამოქალაქო პირია, 9 სამხედრო, ხოლო 3 პოლიციელი.

”სამწუხაროდ იმის იმედი, რომ ისინი ცოცხლები იქნებიან, არ გვაქვს,”- განუცხადა მან Civil.ge-ს 25 თებერვალს.

დაკარგულ პირთა შესახებ მოლაპარაკებები თავდაპირველად ეუთოს ეგიდით მიმდინარეობდა, თუმცა უტიაშვილის თქმით, ამ ფორმატში ჩატარდა სულ ორი შეხვედრა და ”პროგრესი არ იქნა მიღწეული”.

იმავდროულად, სამხრეთ ოსეთის ლიდერის სპეციალური წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში დავით სანაკოევი აცხადებს, რომ ჟენევის შეხვედრაზე, რომელშიც თავადაც მონაწილეობდა, აგვისტოს ომში დაკარგულთა ბედის გასარკვევად ”წინ გადაიდგა ნაბიჯები”.

”შეხვედრის მონაწილეებმა გაცვალეს დაკარგულ პირთა შესახებ სიები,”- იუწყება სეპარატისტული ხელისუფლების ოფიციალური ვებ-გვერდი სანაკოევის სიტყვებზე დაყრდნობით, ”სამხრეთ ოსურმა მხარემ დააყენა რიგი საკითხები, რომელიც განხილვის პროცესშია”.

როგორც ცნობილია, ცხინვალი უკვე დიდი ხანია თბილისისგან ითხოვს ინფორმაციას იმ სამი ოსი ეროვნების მოქალაქეზე, რომლებიც 2008 წლის ოქტომბრიდან ითვლებიან დაკარგულებად. სამხრეთ ოსურმა მხარემ გაავრცელა ვიდეომასალა, რომელიც სავარაუდოდ მობილური ტელეფონით უნდა იყოს გადაღებული, რომელზეც ეს სამი პიროვნება ჩანს, რომლებსაც უცნობი პირები უყვირიან, სიტყვიერ შეურაცყოფას აყენებენ და ურტყამენ. ცხინვალის თქმით, ეს უცნობი პირები ქართველი სამართალდაცავები არიან. თუმცა თბილისი უარყოფს ამ ბრალდებას და აცხადებს რომ ამ პირთა შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button