ახალი ამბები

ბურჯანაძის პარტია ხელისუფლებას ”პროვოკაციული” ნაბიჯების გამო აკრიტიკებს

ქართველი კანონმდებლების განზრახვა კონტაქტები დაამყარონ ჩრდილოკავკასიური რესპუბლიკების პარლამენტებთან ”რუსეთის გვერდის ავლით”,  პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ საქართველოში რუსეთის შემოჭრის საშიშროებაზე გაკეთებული განცხადების კვალდაკვალ ”სხვა არაფერია, თუ არა მორიგი პროვოკაცია”, განაცხადა ნინო ბურჯანაძის პარტიამ დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოსთვის. 

17 თებერვალს პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლონდონში, Chatham House-ში გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველოში რუსეთის ”ახალი შემოჭრა შესაძლებელია” და აღნიშნა, რომ თუ რუსეთის ”მუქარებს პასუხი არ გაეცა, ის კიდევ უფრო თამამი გახდება”.

19 თებერვალს ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკების პარლამენტებთან ურთიერთობის მიზნით საქართველოს პარლამენტში ახლადშექმნილი ჯგუფი პირველად შეიკრიბა და განიხილა მიმართვა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიის ხალხებთან მეგობრული კავშირების გაღრმავებას ეხება.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ნუგზარ წიკლაურმა, რომელიც ამ საპარლამენტო ჯგუფის წევრია, 19 თებერვალს განაცხადა, რომ რუსეთთან არსებული დაძაბულობა არ უნდა გახდეს ბარიერი ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობაში.

”ჩრდილოკავკასიელებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველოს ახსოვს ისინი და პოლიტიკური პროცესების ნებისმიერი განვითარების შემთხვევაში, საქართველო იზრუნებს იმაზე, რომ ჩვენს ჩრდილოკავკასიელ მოძმეებთან ურთიერთობა იყოს მყარი, სტაბილური და პერსპექტიული,”- განაცხადა წიკლაურმა.

ნინო ბურჯანაძის პარტიის სპეციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ მეგობრული ურთიერთობები კავკასიელ ხალხებთან  ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩრდილოკავკასიაში არსებული ”არასტაბილური და მძიმე” ვითარების ფონზე ამ ტიპის განცხადებების გაკეთება ”რუსეთის მხრიდან საკმაოდ მძიმე რეაგირების საბაბი გახდება”.

ბურჯანაძის პარტიის შეფასებით, საქართველოს ხელისუფლება ამ ნაბიჯით აკეთებს იგივეს, რის გამოც წლების მანძილზე აკრიტიკებდა მოსკოვს თბილისის გვერდის ავლით საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებთან თანამშრომლობისთვის.

”ამ ნაბიჯით სააკაშვილი უარს აცხადებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე, ვინაიდან, ეს სხვა არაფერია თუ არა რუსეთის მხრიდან აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღიარების გამართლება,”- ნათქვამია განცხადებაში.

ბურჯანაძის პარტია მოუწოდებს ქართველ პარლამენტარებს უარი თქვან ”დამღუპველი” მიმართვის მიღებაზე; ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას რეაგირება მოახდინონ სააკაშვილის ქმედებებზე, რადგან ”შექმნილი რეალობა ძალიან ჰგავს 2008 წლის ომამდე არსებულ ვითარებას და იგი საგანგაშოა”.

”საქართველო კიდევ ერთი ომის დაწყების საფრთხის წინაშე დგას,”- აცხადებს ბურჯანაძის პარტია, ”სააკაშვილი ხვდება რა, რომ საფრთხე ექმნება მის ყოფნას ხელისუფლებაში, ცდილობს ახალი პროვოკაციული ქმედებებითა და განცხადებებით კიდევ ერთ ომში ჩართოს ქვეყანა, რადგან მას ურჩევნია რუსეთის მიერ დევნილი პრეზიდენტის სტატუსით დატოვოს საქართველო, ვიდრე მისცეს საკუთარ ხალხს არჩევანის შესაძლებლობა”.

This post is also available in: English Русский

Back to top button