
ჰოლბრუკი საქართველოს სტუმრობს
აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი ავღანეთსა და პაკისტანში, რიჩარდ ჰოლბრუკი 21 თებერვალს საქართველოში ჩამოვიდა, რათა ავღანეთის ოპერაციაში ქვეყნის წვლილი განიხილოს.
შუა აზიაში ვიზიტის შემდეგ იგი ბათუმში ჩავიდა, სადაც მას პრეზიდენტი სააკაშვილი დახვდა.
”მე აქედან საქართველოში მივდივარ, რათა მოვინახულო ის ქართული ბატალიონი, რომელიც ავღანეთში მიემგზავრება,” – იტყობინება რადიო ”თავისუფლება” ჰოლბრუკის სიტყვებზე დაყრდნობით. მან ეს განცხადება ყაზახეთში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ”ჩემს ვიზიტს არაფერი აქვს საერთო ქართულ-რუსულ ურთიერთობებთან. ეს ეხება საქართველოს უზომოდ მნიშვნელოვან კონტრიბუციას ავღანეთის საერთაშორისო მცდელობებში”.
ჰოლბრუკი ასევე სტუმრობდა ტაჯიკეთს, ყირგიზეთს და უზბეკეთს.
22 თებერვალს ჰოლბრუკი კრწანისის ეროვნულ სასწავლო ცენტრში ქართველ ჯარისკაცებს მოინახულებს და ავღანეთის საერთაშორისო ოპერაციისათვის მათ წვრთნას დაესწრება.
საქართველომ ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებში მონაწილეობისთვის 175 სამხედრო გააგზავნა და გაზაფხულზე ბატალიონის გაგზავნასაც აპირებს. შედეგად, საქართველოს წვლილი ავღანურ ოპერაციაში ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით უმსხვილესი იქნება.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს ტერიტორიის ავღანეთში იარაღის მიწოდების მარშრუტად გამოყენება შესთავაზა.
2005 წლის მარტში საქართველომ და ნატომ ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც ითვალისწინებს ნატოს მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის, საგზაო და სარკინიგზო ინფრასტრუქტურის გამოყენებას ავღანეთში ალიანსის შეიარაღებული ძალებისთვის საქართველოს გავლით ტვირთების მისაწოდებლად. თუმცა, საქართველოზე გამავალი ეს მარშრუტი იარაღის გადაზიდვას არ ითვალისწინებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)