ახალი ამბები

ვენეციის კომისიის დელეგაცია საქართველოს სტუმრობს

ვენეციის კომისიის დელეგაცია 3-4 თებერვალს თბილისს სტუმრობს, რომლის ფარგლებშიც ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმას განიხილავს.

დელეგაცია, რომელსაც ვენეციის კომისიის მდივანი ჯანი ბუკიკიო ხელმძღვანელობს, უკვე შეხვდა პრეზიდენტ სააკაშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს, ასევე საკონსტიტუციო რეფორმაზე მომუშავე კომისიის წევრებს.

”თქვენ ქვეყანას კარგი კონსტიტუცია სჭირდება,” – განაცხადა ჯანი ბუკიკიომ 4 თებერვალს საკონსტიტუციო კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე.

ვარდების რევოლუციის შემდეგ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებები ”პროგრესი იყო, თუმცა მას აკლდა ბალანსი ხელისუფლების სხვადასხვა შტოებს შორის,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ ახალი კონსტიტუციის შემქმნელთა ”გამოწვევაა”, რომ ”რეალური ბალანსი უზრუნველყონ” ხელისუფლების შტოებს შორის.

”მთავრობა უფრო ანგარიშვალდებული უნდა იყოს პარლამენტის წინაშე და სასამართლო რეალურად დამოუკიდებელი უნდა გახდეს,” – განაცხადა მან, ”ადგილობრივი თვითმმართველობა უნდა გაძლიერდეს და, თუ შესაძლებელია, ახალმა კონსტიტუციამ უნდა გაითვალისწინოს გარკვეული ტიპის რეგიონალიზმი, რათ რეგიონებს მეტი ავტონომია მიენიჭოთ”.

მან ასევე განაცხადა, რომ დელეგაციას მიეცა საშუალება ენახა ახალი კონსტიტუციის ერთი თავი, რომელიც ადგილობრივ თვითმართველობას ეხება. არსებული კონსტიტუცია, განაგრძო მან, შეიცავს ”ძალიან ცოტა, ძალიან ზოგად დებულებებს” ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ.

დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა და დანიის პროკურორის ოფისის დირექტორმა იორგენ სტინ სორენსენმა განაცხადა, რომ მათ ჯერ არ გაუკეთებიათ ამ თავის რაიმე სიღრმისეული ანალიზი, თუმცა პირველადი დაკვირვებით, მიუხედავად იმისა, რომ ის ბევრად უფრო ფართოა, ვიდრე არსებულ კონსტიტუციაში ასახული დებულებები, ”ფორმულირებები მაინც საკმაოდ ზოგადია”.

მან ასევე განაცხადა, რომ ვენეციის კომისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოთავაზება ის იქნება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ თავი ”უფრო დეტალური” გახდეს, რაც უზრუნველყოფს სამართლებრივ საფუძველს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის მომავალში  შესაძლო უთანხმოებების გადასაჭრელად ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ფინანსური და მატერიალური რესურსები და ადგილობრივ ხელისუფლებაზე ზედამხედველობა.

დელეგაციის თქმით, ვენეციის კომისია თავის დეტალურ შეხედულებას კონსტიტუიციის პროექტის ამ თავზე, სავარაუდოდ, ადრეულ გაზაფხულზე წარადგენს.

 

 

 

This post is also available in: English Русский

Back to top button