ახალი ამბები

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურს ახალი უფროსი ჰყავს

პრემიერ-მინისტრმა ნიკა გილაურმა საინფორმაციო სააგენტო Reuters-ის კორესპონდენტი ნიკო მჭედლიშვილი მთავრობის პრესსამსახურის უფროსად დანიშნა.

”თქვენთან, ჟურნალისტებთან [ნიკო მჭედლიშვილს] ექნება ვალდებულება კვირაში ერთხელ შეგხვდეთ და ყველა იმ კითხვაზე გაგცეთ პასუხი, რაც თქვენ დაგიგროვდებათ ერთი კვირის განმავლობაში. ეს იქნება მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იმისათვის, რომ თქვენ მუდმივად იყოთ საქმის კურსში, თუ რა ხდება მთავრობაში, რა ხდება პრემიერ-მინისტრის ოფისში,” – განუცხადა პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს 2 თებერვალს.

მთავრობის პრესსამსახურის ახალმა უფროსმა ნიკო მჭედლიშვილმა ჟურნალისტებთან გამოსვლისას აღნიშნა, რომ გააგრძელებს პრესის წარმომადგენლებთან მჭიდრო თანამშრომლობას, ისევე როგორც ამას ის წლების განმავლობაში აკეთებდა.

”იმისათვის, რომ თქვენი მეშვეობით უკეთ გაიგოს საზოგადოებამ რას აკეთებს ყოველდღიურ რეჟიმში მთავრობა, უფრო მეტი ინფორმაცია წამოვა თქვენსკენ, მე ამას ვეცდები ყველანაირად,” – განაცხადა მჭედლიშვილმა, რომელიც ბოლო 12 წლის მანძილზე Reuters-ში მუშაობდა.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button