skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილის საახალწლო მიმართვა

საქართველოს მოქალაქეებმა ცალი ხელით ქვეყნის აღმშენებლობა უნდა განაგრძონ, ხოლო მეორეში იარაღი ეჭიროთ, რათა ქვეყანა დაიცვან, განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა მოსახლეობისადმი თავის საახალწლო მიმართვაში.

”თუ ჩვენ გვსურს, რომ როგორც ადრე, ათასწლეულების განმავლობაში, ჩვენს მიწაზე იბადებოდნენ საქართველოს თავისუფალი შვილები, ჩვენ უნდა ვიყოთ მზად, რომ ერთ ხელში გვეჭიროს თოხი და მეორე ხელში გვეჭიროს იარაღი,” – განაცხადა მან სატელევიზიო მიმართვისას.

”ერთ ხელში უნდა გვეჭიროს თოხი, კომპიუტერი, წიგნი, სხვა ინსტრუმენტი, რომელიც საჭიროა 21-ე, 22-ე საუკუნის თანამედროვე ქვეყნის მშენებლობისთვის… მაგრამ, მეორეს მხრივ, იმისათვის, რომ ქვეყნის მომავალი იყოს დაცული და იმისათვის რომ ყველაფერი, რასაც ვაშენებთ იყოს დაცული, მეორე ხელით ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად საბრძოლველად და ქვეყნის დასაცავად,” – დასძინა მან.

ხუთწუთიანი გამოსვლისას მან საქართველოს ”მტერიც” ახსენა.

”ამ დღეებში გვქონდა საშუალება ტელეეკრანებიდან კიდევ ერთხელ გვეხილა ჩვენი მტრის შეშლილი და ამავე დროს ძალიან დაბნეული სახე. მას ვერ გაუგია, მიუხედავად ამდენი ხრიკისა, პროვოკაციისა, ზეწოლისა, თუ რატომ ვერ მოხერხდა საქართველოს დაჩოქება. ის ვერ მიხვედრილა იმას, რომ შეიძლება რომელიმე ცალკე აღებული ქართველი დააჩოქო, მაგრამ ვერასდროს ვერ დააჩოქებ ქართულ საზოგადოებას,” –  განაცხადა სააკაშვილმა.

ის, სავარაუდოდ, რუსეთის პრემიერ-მინისტრ პუტინს გულისხმობდა, რომელმაც 29 დეკემბერს განაცხადა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილება რუსეთის დედაქალაქში აღმართოს ქუთაისში განადგურებული დიდების მემორიალი, საქართველოს ხელისუფლებისთვის ”ცხვირში კიდევ ერთი დარტყმაა”.
 
”ჩვენი გადარჩენის საიდუმლო რეცეპტი არის ძალიან მარტივი – ჩვენი ძალა არის ჩვენს ერთობაში; საქართველოს ყველა ეთნიკური ჯგუფის, ყველა მოქალაქის – მიუხედავად მათი წარმოშობისა და რელიგიური მრწამსისა – ერთობაში,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მისი თქმით, 2009 წელს საქართველოს ”დიდი გამოწვევები” ქონდა, რაც მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგებში, ოკუპაციასა და პოლიტიკურ არასტაბილურობაში გამოიხატებოდა.

მისი თქმით, ყოველივე ამას ”ქვეყნისთვის მომაკვდინებელი შედეგები” უნდა მოყოლოდა, ”მაგრამ საქართველო გადარჩა, საქართველო ვითარდება, რისთვისაც მე მინდა მადლობა ვუთხრა თითოეულ თქვენთაგანს.”

This post is also available in: English Русский

Back to top button