
საია სამკაციანი აქციის მონაწილეთა დაპატიმრებას გმობს
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) დაგმო 23 ნოემბერს მოძრაობა ”7 ნოემბრის” სამი აქტივისტის დაპატიმრების ფაქტი, რაც მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ”უხეშ ხელყოფად” შეაფასა.
პოლიციამ დაჩი ცაგურია, ჯაბა ჯიშკარიანი და ირაკლი კორძაია მაშინ დააპატიმრა, როცა სამი აქტივისტი პარლამენტის წინ იდგა და ხელისუფლების პოლიტიკას აპროტესტებდა.
პარლამენტის შენობასთან მისვლიდან ცოტა ხანში მათთან მივიდა თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსი, რამოდენიმე პოლიციელის თანხლებით და უთხრა, რომ ისინი დაპატიმრებული არიან შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევის გამო.
მოგვიანებით 23 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ სამივე აქტივისტი აქციების ჩატარების წესების დარღვევაში და პოლიციის ბრძანებების დაუმორჩილებლობაში სცნო დამნაშავედ და თითოეული მათგანი 500 ლარით დააჯარიმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173 მუხლის და 174-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე.
ტელეკომპანიების ”მაესტროს” და iTV.ge-ს ვიდეომასალებში, რომლის ჟურნალისტებიც დაკავების თვითმხილველები გახდნენ, ნათლად ჩანს, რომ სამივე აქტივისტი დაემორჩილა პოლიციის ბრძანებებს და პოლიციის მანქანებში ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე ჩაჯდა.
დაკავების დროს პოლიციელებმა უთხრეს აქტივისტებს, რომ მათ შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ კანონის დარღვევის გამო აპატიმრებენ, რომელიც მიტინგის პარლამენტის შენობიდან 20 მეტრის რადიუსში გამართვას კრძალავს.
”მაგრამ პოლიციამ თავად ჩაწერა დაკავების ოქმში, რომ ჩვენ დაპატიმრების დროს პარლამენტის შენობიდან 30 მეტრში ვიდექით; თუმცა მოსამართლემ ამ ფაქტს იგნორირება გაუკეთა,” – განაცხადა დაჩი ცაგურიამ 25 ნოემბერს.
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსმა გიორგი გეგეჭკორმა უთხრა აქტივისტებს დაკავების დროს, რომ ისინი პარლამენტის შენობიდან 50 მეტრის რადიუსში დგანან, რაც, მისი თქმით, შეკრებების და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაა. თუმცა, კანონის თანახმად, მიტინგები გარკვეული ადმინისტრაციული შენობების შესასვლელებიდან 20 მეტრის რადიუსში იკრძალება.
24 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში საია აცხადებს: ”სამწუხაროდ, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ისევე, როგორც ანალოგიური შინაარსის ადმინისტრაციული დაკავების საქმეების განხილვისას, არ გაიზიარა დაცვის მხარის არგუმენტები და საქმე მიკერძოებულად, გარემოებების ობიექტური ანალიზის გარეშე გადაწყვიტა”.
თბილისის საქალაქო სასამართლომ არ უპასუხა Civil.Ge-ს თხოვნას კომენტარის გაკეთებასთან დაკავშირებით.
This post is also available in: English Русский