skip to content
ახალი ამბები

ბავშვთა კვების გერმანელმა მწარმოებელმა საქართველოში ქარხანა აამუშავა

ბავშვთა ორგანული საკვების გერმანელმა მწარმოებელმა HiPP GmbH & Co. Vertrieb KG-მა აგარის ქარხანაში ხილის კონცენტრატის წარმოება დაიწყო.

HiPP-მა ქარხანა საქართველოს მთავრობის მიერ 2009 წლის აპრილში გამოცხადებულ აუქციონზე შეისყიდა. თავდაპირველად, მისი მფლობელი ბიზნესმენი გოჩა ძასოხოვი იყო, რომელიც საქართველოს ხელისუფლებასთან უთანხმოების შემდეგ რუსეთში გაემგზავრა.

”ეს ქარხანა პრაქტიკულად გაჩერებული იყო წლების მანძილზე, მიუხედავად იმისა, რომ თავის დროზე ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენ, სახელმწიფომ, ფული მივეცით, კრედიტი მივეცით, ყველაფერი ეს შეიჭამა და ქარხანა გაჩერდა,” – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელიც ქარხნის გახსნას დაესწრო.

გახსნის ცერემონიას ასევე ესწრებოდა HiPP GmbH & Co. Vertrieb KG-ის მფლობელი და აღმასრულებელი დირექტორი კლაუს ჰიპი. სააკაშვილმა გაიხსენა, რომ მარტში, როდესაც ის ჰიპს ხვდებოდა თბილისის ერთ-ერთ რესტორანში და საინვესტიციო შესაძლებლობებს განიხილავდა, მომიტინგეთა ახალგაზრდული ჯგუფი რესტორნის გარეთ აქციას მართავდა

”45 წუთი დაგვყვიროდნენ თავზე მეგაფონით და არ გვალაპარაკეს,” – განაცხადა სააკაშვილმა. ”ეს კაცი, რომ ცოტა ზედმეტად ევროპელი ყოფილიყო ან ცოტა შეშინებოდა, როგორც ევროპელს შეეშინდებოდა, არ იქნებოდა არც ეს ქარხანა, არც ვაშლებს ვერ გაყიდიდნენ აქ გლეხები და მის ფეხი აღარ იქნებოდა მეტი აქ… და ზუსტად ეს უნდოდათ იმიტომ, რომ ესენი კარგად არიან თვითონ მოწყობილი თბილისის ცენტრში, ჯიპებით დადიან, კარგს ჭამენ, კარგს სვამენ და რაში აინტერესებთ აქ გლეხი ქარელში, გორში, ახალციხეში გაყიდის თავი პროდუქტს თუ არა და დასაქმდება ეს ხალხი თუ არა… უნდა ითქვას, რომ ეს კაცი არ გაიქცა, უცებ მიხვდა რა ხდებოდა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა”.

”ვინ იცის რამდენი გაგვაქცევინეს ბოლო თვეებში ასე,”- განაგრძო მან, ”ამას მე აღარასდროს აღარ დავუშვებ და ეს არის კლასიკური მაგალითი  – ეს ქარხანა – იმისა, რომ ზედმეტი საშუალება არ უნდა მივცეთ იმათ, ვისაც არაფრის კარგის გაკეთება, როგორც წესი, არ შეუძლია”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button