
ალასანია: პრაიმერი ”სწორი იდეაა”
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ოპოზიციურ პარტიებს შორის ”პრაიმერის ჩატარება” მომავალი წლის ადგილობრივი არჩევნებისთვის თბილისის მერობის ერთიანი კანდიდატის შესარჩევად ”სწორი იდეაა”.
პარტია ჩვენი საქართველო – თავისუფალი დემოკრატების ლიდერმა, რომელიც რესპუბლიკელებთან და ახალ მემარჯვენეებთან ერთად ალიანსში საქართველოსთვის შედის, 22 სექტემბერს განაცხადა, რომ თბილისის მერის არჩევნებში აპირებს მონაწილეობას. ალიანსმა ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატად დაასახელა.
11 სექტემბერს ოპოზიციურმა კონსერვატიულმა პარტიამ შესთავაზა არასაპარლამენტო ოპოზიციურ პარტიებს პრაიმერების გზით ერთიანი ლიდერი აირჩიონ – ან არჩევნებში მონაწილეობისთვის ან ქუჩის განახლებული საპროტესტო აქციების ორგანიზების მიზნით. თუმცა, მაშინ ამ მოწოდებას ოპოზიციური პარტიები არ გამოხმაურებიან.
”საერთო კანდიდატის შეთანხმებისთვის პრაიმერის იდეა სწორად მიმაჩნია. პრაიმერის ჩატარებას მხოლოდ და მხოლოდ მხარს დავუჭერ,” – განაცხადა ალასანიამ გაზეთ ”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, რომელიც 5 ოქტომბერს გამოქვეყნდა.
”ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის ადგილობრივი არჩევნებისას გადამწყვეტი იქნება თბილისი, დედაქალაქის მერის არჩევნები და საკრებულოს თავმჯდომარის ადგილის მოპოვების შესაძლებლობა. ჩვენი ლოზუნგია – ”მოვიგებთ თბილისს, მოვიგებთ საქართველოს,” – განაცხადა მან.
თბილისის მერობის კიდევ ერთი კანდიდატი შეიძლება იყოს ლევან გაჩეჩილაძე, საზოგადოებრივი მოძრაობა დაიცავი საქართველოს თანადამფუძნებელი და ლიდერი. თუმცა, გაჩეჩილაძეს ჯერ არ გადაუწყვეტია მიიღებს თუ არა მერის არჩევნებში მონაწილეობას, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილის ინიციატივით 2010 წლის 30 მაისს ჩატარდება.
”მიმაჩნია, რომ ძირითადმა პოლიტიკურმა ძალებმა საერთო კანდიდატი უნდა დაასახელონ. მე და ბატონ ლევანს ბევრი რამ გვაკავშირებს. ჩვენ გვაქვს საერთო ხედვა ქალაქზე. დარწმუნებული ვარ, შეუთანხმებელი პოზიციები არ გვექნება,” – განაცხადა ალასანიამ მას შემდეგ, რაც სთხოვეს შეეფასებინა საკუთარი შანსები, რადგანაც მმართველი პარტიის და ოპოზიციის ისეთ ”ძლიერ კანდიდატებთან” მოუწევდა კონკურირება, როგორიცაა ლევან გაჩეჩილაძე.
მმართველ პარტიას თბილისის მერობის საკუთარი კანდიდატი ჯერ არ დაუსახელებია.
”კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში, რომელიც 5 ოქტომბერს გამოქვეყნდა გაჩეჩილაძემ განაცხადა, რომ მას მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.
”ამ ეტაპზე რაიმე ნაბიჯის გადადგმისაგან თავს ვიკავებ, რადგან ორჯერ უკვე ვმონაწილეობდი ისეთ არჩევნებში, რომელიც ვანო მერაბიშვილმა და ლევან თარხნიშვილმა გააყალბეს. საარჩევნო გარემო ჯერ არ გაუმჯობესებულა, ამიტომაც ჯერ-ჯერობით გადაწყვეტილებას არ მივიღებ და ეს ირაკლისაც ვუთხარი,” – განაცხადა გაჩეჩილაძემ.
კითხვაზე, თუ როგორი იქნება მისი გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში, თუ საარჩევნო გარემო გაუმჯობესდება, გაჩეჩილაძემ უპასუხა: ”ამ კითხვაზე ჯერ არა მაქვს პასუხი… მერის არჩევნებში მონაწილეობას მაშინ მივიღებ, თუ ეს იქნება ოპოზიციის საერთო გადაწყვეტილება, ხალხის მოთხოვნა და მეტი გარანტია გვექნება იმისა, რომ სააკაშვილს თბილისს წავართმევთ”.
ალასანიასთან დაკავშირებით გაჩეჩილაძემ განაცხადა: ”ირაკლი ალასანიასთან კარგი ურთიერთობა მაქვს. ჩემს კოლეგებზე აუგს არასოდეს ვამბობ, რადგან სააკაშვილთან ბრძოლაში აუცილებლად მიმაჩნია ოპოზიციის ერთობის შენარჩუნება”.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)