ახალი ამბები

თელავში კონსერვატიული პარტიის ოფისი ”დაარბიეს”

კონსერვატიული პარტიის ცნობით, 9 სექტემბერს პარტიის თელავის რაიონული ორგანიზაციის ოფისში საპატრულო პოლიციის, კუდ-ის და სოდ-ის თანამშრომლები შეიჭრნენ, იქ მყოფ აქტივისტებს გაუსწორდნენ და ოფისი დაარბიეს.

”ოფისში პოლიციის შევარდნა უკავშირდება თელავში დაგეგმილ მთავრობის ანგარიშს, სადაც სააკაშვილი ჩავიდა. ადგილობრივი ოპოზიციური ორგანიზაციები, მათ შორის კონსერვატორები აქციის გამართვას გეგმავდნენ, რამაც პოლიციის სასტიკი ქმედება გამოიწვია,”- განაცხადა კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ.

მისი თქმით, "სასტიკადაა ნაცემი" პარტიის სამი წევრი. ასევე ნაცემია ”ახალი მემარჯვენეების” თელავის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ ჯორჯაძე, რომელიც ინციდენტის დროს კონსერვატორების ოფისში იმყოფებოდა.

ჯორჯაძემ Civil.ge-ს განუცხადა, რომ ოფისში ხმამაღლა იყო ჩართული ”უცნობის” სიმღერა ”დედაენა” და ამ დროს შევიდნენ პოლიციელები და გაუსწორდნენ იქ მყოფებს.

მისი თქმით ინციდენტი მაშინ მოხდა, როცა თელავში, თბილისისა და რუსთავის შემდეგ, მთავრობამ მოაწყო გამოფენა ”ანგარიში ხალხს”, რომელსაც მოგვიანებით დაესწრო და სიტყვით გამოვიდა პრეზიდენტი სააკაშვილი.

კახეთის რადიოსადგურ ”ჰერეთის” ცნობით, თელავის პოლიციის უფროსმა შოთა ბეჟანიშვილმა განუცხადა მის ჟურნალისტს, რომ მომხდარის შესახებ მან არაფერი იცოდა და დასძინა, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები შესაძლოა იტყუებოდნენ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button