ახალი ამბები

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოშია

თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ თავის ქართველ კოლეგასთან გრიგოლ ვაშაძესთან შეხვედრისას დაკავებული თურქი კაპიტნის საკითხი განიხილა, რომელსაც აფხაზეთში უკანონო ნაოსნობის გამო ქართულმა სასამართლომ 24 წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

”მე და ჩემმა კოლეგამ ვიმსჯელეთ ამ საკითხზე, მგონი, მივაგნეთ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ყველას  დააკმაყოფილებს,”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას, ”ხვალ პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ დეტალებს გაგაცნობთ”.

”ამ საკითხზე ძალიან სასარგებლო  საუბარი გვქონდა და ხვალ მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრის დროსაც გვექნება ამ საკითხზე საუბარი,”- განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეტ დავუთოღლუმ ქართველ კოლეგასთან მოლაპარაკებების შემდეგ.

მისი თქმით, თურქეთი და საქართველო არიან სტრატეგიული პარტნიორები და მოკავშირეები. ”ჩვენ ამ თანამშრომლობის ფარგლებში უნდა ვიზრუნოთ, რომ მომავალში მსგავსი ფაქტები არ მოხდეს,”- აღნიშნა თურქმა დიპლომატმა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოში ოფიციალური ვიზიტის დაწყებამდე, ”როიტერის” თანახმად, განაცხადა, რომ საქართველო დათანხმდა 18 ათასი აშშ დოლარის ჯარიმის გადახდის სანაცვლოდ გაათავისუფლოს თურქი კაპიტანი.

31 აგვისტოს სასამართლომ გემი კაპიტანი, თურქეთის მოქალაქე მეჰმედ ჯოშკუნ ოზთურქი დაადანაშაულა კონტრაბანდულ საქმიანობასა და ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევაში და მას 24-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.

ტანკერის ეკიპაჟის დანარჩენი 16 წევრი, რომლებიც ასევე დააკავეს აფხაზეთში საწვავის გადაზიდვისას, დააჯარიმეს და გაათავისუფლეს. 12 მათგანი თურქეთის მოქალაქე, ხოლო 4 აზერბაიჯანელი იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button