skip to content
ახალი ამბები

რუსეთი 460 მლნ აშშ დოლარს დახარჯავს აფხაზეთში სამხედრო მიზნებზე

რუსეთი 15-16 მლრდ რუბლს (დაახლოებით 460-490 მლნ აშშ დოლარს) დახარჯავს მომავალ წელს სეპარატისტულ აფხაზეთში სამხედრო ბაზისა და სასაზღვრო უსაფრთხოების განვითარებაზე, განაცხადა რუსეთის პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა.

”მომავალ წელს ჩვენ უსაფრთხოების საკითხების გადასაწყვეტად ანუ ჩვენი სამხედრო ბაზების და სახელმწიფო საზღვრის მოწყობაზე აფხაზეთში დავხარჯავთ ძალიან ბევრ ფულს – დაახლოებით 15 მლრდ რუბლს,”- განაცხადა პუტინმა.

”ეს იქნება საზღვრის გაძლიერება… იმისათვის, რომ ეს იყოს თანამედროვე ინფრასტრუქტურა, თავად საზღვრის, სასაზღვრო ჯარების და სამხედრო ბაზის მოწყობით. ვიმეორებ, ყველაფერ ამას ჯამში დაახლოებით დასჭირდება 15-16 მლრდ რუბლი,”- განუცხადა მან აფხაზ ჟურნალისტებს სოხუმში გამგზავრებამდე.

რუსეთის პრემიერი სოხუმში დღეს ჩავიდა, სადაც იგი უკვე შეხვდა სეპარატისტ ლიდერს სერგეი ბაღაფშს და პატივი მიაგო 90-იან წლებში ომში დაღუპულთა ხსოვნას.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button