
საქართველომ რუსეთს გლუხოვის ექსტრადირებაზე უარი უთხრა
საქართველომ უარი უთხრა რუსეთს მოსკოვის მიერ დეზერტირობაში ოფიციალურად ბრალდებული რუსი ჯარისკაცის ალექსანდრე გლუხოვის ექსტრადირებაზე, იუწყება იუსტიციის სამინისტრო 7 ივლისს.
აღნიშნული გადაწყვეტილება ქართულმა მხარემ 16 ივნისს იმ მოტივით მიიღო, რომ გლუხოვს საქართველოში უკვე ოფიციალურად მინიჭებული აქვს ლტოლვილის სტატუსი და ”ლტოლვილთა სტატუსის შესახებ 1951 წლის ჟენევის კონვენციის 33-ე მუხლიდან გამომდინარე საქართველოს გააჩნია საერთაშორისო ვალდებულება არ მოახდინოს პირის ექსტრადიცია იმ სახელმწიფოში, სადაც მას ემუქრება რაიმე ნიშნით დევნა”.
იუსტიციის სამინისტროს ცნობით, ექსტრადიციის ოფიციალური შუამდგომლობა ქართულ მხარეს საქართველოში რუსეთის ინტერესების დამცველი შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით 1 ივნისს გადმოეცა.
ალექსანდრე გლუხოვმა ახალგორში დისლოცირებული რუსული სამხედრო ნაწილი იანვარში დატოვა და ქართულ მხარეს ჩაბარდა თავშესაფრის მიღების მოთხოვნით.
მეორე ასეთი შემთხვევა დაახლოებით ერთი კვირის წინ მოხდა, როცა კიდევ ერთმა რუსმა ჯარისკაცმა დიმიტრი არტემიევმა დატოვა საჩხერის რაიონის სოფელ პერევში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის სიახლოვეს განლაგებული რუსული საგუშაგო და თავშესაფარი ოფიციალურ თბილისს თხოვა.
იმავდროულად, ივნისში ლეიტენანტმა ალიკ ბჟანიამ, რომელიც, შსს-ის ცნობით, მაისამდე საქართველოს სანაპირო დაცვაში მსახურობდა, რადიო ”ეხო მოსკვის” ეთერში განაცხადა, რომ იგი საქართველოდან გაიქცა და რუსეთში ეძებს პოლიტიკურ თავშესაფარს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)