
რუსეთი იმედოვნებს ტალიავინის კომისიის დასკვნის ობიექტურობას
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი 2 ივლისს ჟენევაში ჰეიდი ტალიავინს, ევროკავშირის ეგიდით მოქმედ საქართველო-რუსეთს შორის აგვისტოს ომის შემსწავლელი მისიის ხელმძღვანელს შეხვდა.
რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს გამოძიების შედეგებზე დასკვნის მომზადების საკითხი, რომელიც ევროკავშირს, ეუთოს, საქართველოს და რუსეთს 2009 წლის 31 ივლისს წარედგინება; თუმცა ასევე არსებობს დათქმა, რომ საჭიროების შემთხვევაში მისიის მუშაობის ვადა შესაძლოა გაგრძელდეს.
”რუსეთის მხრიდან გამოითქვა იმედი, რომ უახლოეს ხანებში მოსალოდნელი კომისიის ანგარიში მაქსიმალურად ობიექტური ფორმით იქნება შედგენილი, ყველა იმ დოკუმენტური მასალის გათვალისწინებით, რომელიც გადაეცა კომისიის ექსპერტებს,”- აცხადებს რუსეთის საგარეო უწყება და დასძენს, რომ რუსულმა მხარემ ამ საქმიანობაში ძალიან აქტიური მონაწილეობა მიიღო.
ცოტა ხნის წინ საქართველოს ხელისუფლებამ ასევე გამოთქვა იმედი, რომ დასკვნა ობიექტური იქნება.
This post is also available in: English Русский