skip to content
ახალი ამბები

ოპოზიციამ უახლოესი გეგმები გამოაცხადა

კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა 1 ივნისს, საპროტესტო აქციების 54-ე დღეს ოპოზიციის უახლოესი გეგმები გამოაცხადა და მორიგი ხალხმრავალი შეკრების თარიღად 9 ივნისი გამოაცხადა.

მისი თქმით, 9 ივნისს – აქციების დაწყებიდან ორი თვის თავზე – ოპოზიცია შსს-ის ადმინისტრაციული შენობის პიკეტირებას გეგმავს ”ხანგრძლივი აქციით”, მათ შორის ცოცხალი ჯაჭვის გამოყენებით.

ძიძიგურის განცხადებით, 9 აპრილის აქციების ორგანიზატორი პარტიები 2 ივნისს გეგმავენ ქართული ჯარის მხარდასაჭერი განცხადების მიღებას; 3 ივნისს ხელი მოეწერება ოპოზიციური პარტიების ვალდებულებათა ქარტიას იმის შესახებ, თუ რის გაკეთებას აპირებენ ”მას შემდეგ რაც მიხეილ სააკაშვილი წავა ხელისუფლებიდან”; 4 ივნისს კი იგეგმება საპროტესტო აქცია ქალაქ რუსთავში სტუდია ”მაესტროს” მხარდასაჭერად და ”რეგიონში არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით”.

ძიძიგურის განცხადებით, ოპოზიცია ასევე გეგმავს საკნების განთავსებას ქალაქ ბათუმში, რეგიონული საპროტესტო კამპანიის ფარგლებში.  

ოპოზიცია აცხადებდა, რომ ემზადებოდა 2 ივნისისთვის დაგეგმილი პარლამენტის პლენარული სხდომისათვის. თუმცა საკანონმდებლო ორგანოს ბიუროს გასვლით სხდომაზე დღეს ცნობილი გახდა, რომ ამ კვირაში პარლამენტი არ აპირებს პლენარული სხდომის ჩატარებას.

”ეს არის აღიარება და დაფიქსირება იმისა, რომ მათ არ შეუძლიათ საკუთარი ხალხის თანდასწრებით ჩაატარონ სხდომა. ეს არის სამარცხვინო, როცა ორი თვე კონსტიტუციის დარღვევით არ ტარდება პარლამენტის სხდომა ,”- განაცხადა ძიძიგურმა და განმარტა, რომ ოპოზიცია არ აპირებს სხდომების დროს პარლამენტის შენობის მთლიანად ბლოკირებას.

იმავდროულად საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს აქციაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ საჭიროა ხელისუფლებასთან არა გრძელვადიანი, არამედ ”მოლაპარაკებები ახლავე იმისათვის ქვეყანა გადავარჩინოთ, ე.ი. დავნიშნოთ არჩევნები”.

მან ასევე კომენტარი გააკეთა ეროვნული ფორუმის განცხადებაზე 7 აგვისტოს ფართომასშტაბიანი აქციის ჩატარების გეგმებზე და იქვე აღნიშნა, რომ ეთანხმება ფორუმის გეგმებს რეგიონებში კამპანიის დაწყებასთან დაკავშირებით. 

”არ შეიძლება დღეს ჩვენ ვილაპარაკოთ 7 აგვისტოზე,”- განაცხადა ზურაბიშვილმა, ”მაშინ თუ უნდა ვილაპარაკოთ, ვიღაცამ უნდა მომცეს მე გარანტია, რომ 7 აგვისტომდე არც ახალი ომი არ მოხდება, რაშიდაც არ ვარ დარწმუნებული, არ დაინგრევა ჩვენი ეკონომიკა ბოლომდე… რომ ბოლომდე არ დაანგრევენ ამ ჯარს… ეს არის ის მიზეზი რატომაც მე ვთვლი, რომ ჩვენ 7 აგვისტომდე დრო არ გვაქვს და არ შეიძლება ჩვენ 7 აგვისტომდე ნელი ტემპით შემოვიაროთ საქართველო და დავრწმუნდეთ, რომ ყველა არის ერთი აზრის. ამაში ჩვენ დავრწმუნდებით ძალიან მალე და ძალიან ადვილად – როცა არჩევნები დაინიშნება”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button