ახალი ამბები

თარგამაძე: მუხროვანის ამბოხებასთან დაკავშირებით 33 ადამიანია დაკავებული

დეპუტატმა გივი თარგამაძემ მმართველი პარტიიდან განაცხადა, რომ სულ 33 ადამიანი იქნა დაკავებული მუხროვანის ამბოხებასთან დაკავშირებით.

გივი თარგამაძემ, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”პოზიციაში” საუბრისას, რომ 32 ადამიანი კვლავ წინასწარ პატიმრობაში რჩება, ხოლო ერთი გირაოთი გაათავისუფლეს. დაკავებულთაგან 12 სამოქალაქო პირია, ხოლო 20 სამხედრო.

მან ასევე განაცხადა, რომ 20 მაისს პოლიციასთან შეტაკებაში დაჭრილი და დაკავებული ერთ-ერთი ეჭვმიტანილის კობა ოთანაძის ნათესავები ცოტა ხნით დააკავა პოლიციამ დაკითხვისთვის. მისი თქმით, ამ დაკითხვების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია დაეხმარა პოლიციას ოთანაძის დაპატიმრებაში. შეტაკებაში ასევე დაიჭრა კიდევ ერთი ეჭვმიტანილი ლევან ამირიძე, რომელიც დააპატიმრეს, ხოლო მესამე – გია კრიალაშვილი დაიღუპა.

ოთანაძის ძმა, ჯიმშერ ოთანაძე, მისი მეუღლე და ვაჟიშვილი პოლიციამ 20 მაისს დაახლოებით ღამის 3 საათზე დააკავა. თუმცა, მათი დაკავება ფორმალურად არ იყო რეგისტრირებული პოლიციის მიერ და ოჯახის ადვოკატმა და სახალხო დამცველის აპარატმა ვერ მოახერხა მათი ადგილსამყოფელის დადგენა. ისინი კობა ოთანაძის დაკავებიდან დაახლოების 21 საათში გაათავისუფლეს. მათი გათავისუფლების შემდეგ გაირკვა, რომ ოთანაძის სულ ცოტა 14 სხვა ნათესავი იყო ასევე დაპატიმრებული იმავე პერიოდში. ოთანაძის ადვოკატმა ონისე მებონიამ განაცხადა, რომ ამგვარი დაპატიმრება გატაცების ტოლფასია.

შსს-მ პირველი ოფიციალური განცხადება ამ საკითხზე 22 მაისს გააკეთა, რომელშიც დაადასტურა, რომ კობა ოთანაძის ოჯახის ზოგიერთი წევრი მოწმის, ხოლო ზოგიერთი ეჭვმიტანილის სახით დაჰკითხა.

”მათ მიერ მოწოდებულმა ინფორმაციამ ეჭვმიტანილების დაკავებაში სერიოზული როლი შეასრულა,”- ნათქვამია განცხადებაში, ”ამჟამად, კობა ოთანაძის ოჯახის არცერთი წევრი დაკავებული არაა”.

კობა ოთანაძის მეორე ძმა ნუგზარ ოთანაძე, რომელიც პოლიციამ 12 მაისს დააკავა, 2-თვიან წინასწარ პატიმრობაში იმყოფება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით. მისი ადვოკატის და სახალხო დამცველის განცხადებით, ნუგზარ ოთანაძე ნაცემი იყო. შსს-მ უარყო ეს ფაქტი და განაცხადა, რომ ნუგზარ ოთანაძემ დაზიანებები პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის დროს მიიღო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button