ახალი ამბები

საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარის კანდიდატურა დასახელდა

საპარლამენტო უმცირესობამ საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატად ავთანდილ დემეტრაშვილი, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე და 1995 წლის კონსტიტუციის ერთ-ერთი ავტორი დაასახელა.

ქრისტიან-დემოკრატების და უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ 22 მაისს განაცხადა, რომ დემეტრაშვილის კანდიდატურას ხელისუფლებას წარუდგენენ.

პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე უკვე მიესალმა დასახელებულ კანდიდატურას და განაცხადა, რომ მზადაა  ორშაბათს შეხვდეს დემეტრაშვილს და უმცირესობიდან დეპუტატებს კომისიის შექმნასთან დაკავშირებული საკითხების განსახილველად.

რამდენიმე დღიანი კონსულტაციების შემდეგ უმცირესობამ საბოლოო არჩევანი საკონსტიტუციო სასამართლოს ასევე ყოფილ თავმჯდომარეს ჯონი ხეცურიანსა და დემეტრაშვილს შორის, ამ უკანასკნელზე შეაჩერა ”პროფესიონალიზმის, საზოგადოებრივი ნდობის, გამოცდილების” კრიტერიუმებზე დაყრდნობით.

ავთანდილ დემეტრაშვილმა განაცხადა, რომ საჭიროა წინასწარი კონსულტაციები, რათა გაირკვეს კონსტიტუციის გადასინჯვის კონკრეტული ვადები.

”ჩემთვის დიდი პატივი, რა თქმა უნდა, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის თავმჯდომარედ დასახელება,”- განაცხადა მან, ”თუმცა ვგრძნობ, რომ გარკვეული უხერხულობები არსებობს დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ მიუხედავად ამისა, მე ვარ საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი და ჩემი პროფესიული მოვალეობაა შევუდგე სამუშაოს”.

საპარლამენტო უმცირესობის წინადადებით ახალ კონსტიტუციაზე მუშაობა 31 დეკემბრამდე უნდა დასრულდეს. არასაპარლამენტო ოპოზიცია კომისიაში მუშაობის მიღებას არ აპირებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button