ახალი ამბები

ზურაბიშვილი სოლანასთან შეხვედრის შესახებ საუბრობს

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს საპროტესტო აქციაზე გამოსვლისას ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის საკითხებში უმაღლეს კომისართან ხავიერ სოლანასთან 18 მაისს ბრიუსელში გამართული შეხვედრის შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ მან მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნებს ”აქტიური ჩარევისკენ”.  

”ავუხსენი რა მდგომარეობა არის ქვეყანაში… მოვუყევი დეტალები იმ შეხვედრის შესახებ, როგორ ჩატარდა ჩვენი შეხვედრა მიხეილ სააკაშვილთან, თუ როგორ ვერ აღიარებს ის შექმნილ კრიზისს, თუ რა ხდება სახელმწიფო ინსტიტუტებში და როგორ არის ქვეყნის მთავრობა, პარლამენტი და ყველა ინსტიტუტები გაჩერებული,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, ”ჩვენ გავდივართ ამ კრიზისის ბოლო ეტაპზე.” ”26 მაისი იქნება ერთ-ერთი მაჩვენებელი… მაგრამ ჩვენ დაგვჭირდება რაღაც მომენტში რეალური ჩარევა ჩვენი მეგობრების მხრიდან,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

”ველოდებით, როცა დრო მოვა, ჩარევას და არა ჩარევა როგორც დღემდე ხდება – მედიატორობა ერთთან მიტანა მეორის ამბის და ბევრი არაფერი – არამედ სერიოზული ძალისხმევა ჩვენი მეგობრებისგან ევროკავშირიდან. სხვა ამას არავინ არ გააკეთებს, მათ შორის არც შეერთებული შტატები,” – განაცხადა მან.

მისი თქმით, ხავიერ სოლანას ”არასწორი ინფორმაცია ქონდა” საქართველოში მიმდინარე მოვლენების და ოპოზიციური ძალების მოქმედების შესახებ, რაც ”იყო ძალიან არასასიამოვნო, როგორც ჩანს შექმნილი იქაური ჩვენი საელჩოს მიერ, იქაური პიარისტების მიერ”.

”ის აზრი, რომ ოპოზიცია არის დაშლილი და უპასუხისმგებლო ამაზე დამჭირდა სერიოზული ძალისხმევა ამეხსნა, რომ ეს ოპოზიცია მოდის თითქმის ორი წელია და სწორედ პასუხისმგებლობით გამოირჩევა იმიტომ, რომ არასდროს არ გადასულა კანონის ჩარჩოებს.. რომ ის განსხვავებული აზრები, რაც არსებობს [ოპოზიციაში] არის სწორედ დემოკრატიულობის მაჩვენებელი ნიშნები,”- განაცხადა ზურაბიშვილმა.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button