ახალი ამბები

“რეზონანსი”: ოპოზიცია ტაქტიკაზე ვერ თანხმდება

მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორ ოპოზიციურ პარტიებში ბრძოლის ტაქტიკაზე პოზიციები ორადაა გაყოფილი იმასთან დაკავშირებით, როგორ გააგრძელონ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები და საპროტესტო აქციები, წერს გაზეთი ”რეზონანსი” 13 მაისს.

”ოპოზიციის რიგებში აზრთა სხვადასხვაობა თანდათან გამოკვეთილ ხასიათს იღებს და, შესაძლოა, მალე ორ ნაწილად გაიყოს,” – წერს გაზეთი, ”შეხედულებათა განსხვავებულობა კი პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ შეთავაზებულ დიალოგსა და იმ წინადადებებს უკავშირდება, რომელზეც დათანხმებასა და ”სააკაშვილისთვის რაც შეიძლება მეტი დათმობის გამოგლეჯას” პარლამენტის წინ მდგარი ოპოზიციური პარტიების ლიდერების ნაწილი ემხრობა”.

გაზეთის თქმით, ალიანსი საქართველოსთვის და ეროვნული ფორუმი ამგვარ მიდგომას ემხრობიან. გაზეთის ცნობით, ამგვარი ტაქტიკისკენ ასევე იხრება დამოუკიდებელი პოლიტიკოსი კოკა გუნცაძე.

”მეორე ნაწილისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია და უფრო რადიკალურ ნაბიჯებს ითხოვენ,” – წერს ”რეზონანსი”, რომლის თქმითაც, მათ შორისაა ნინო ბურჯანაძის დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველო და ირაკლი ოქრუაშვილის პარტია მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის,

გაზეთის ცნობით, სალომე ზურაბიშვილის საქართველოს გზა, კონსერვატორები და ლევან გაჩეჩილაძე ამ საკითხთან დაკავშირებით ”ნეიტრალურები” არიან.

ოპოზიციური პოლიტიკოსები სხვადასხვა პარტიებიდან აღიარებენ, რომ ტაქტიკაზე გარკვეული უთანხმოებები აქვთ, თუმცა, მათი თქმით, შენარჩუნებულია ერთიანი პოზიცია პრეზიდენტ სააკაშვილის გადადგომის აუცილებლობასთან დაკავშირებით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button