ახალი ამბები

შსს ოფიცრების ჩვენებებიდან ნაწყვეტებს აქვეყნებს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 მაისს გაავრცელა მუხროვანის სამხედრო ნაწილის რვა ოფიცრის მიერ მიცემული ჩვენებების ვიდეომასალა.

დამონტაჟებული ვიდეოჩანაწერები ასევე შეიცავს სამი ყოფილი ოფიცრის ჩვენებების ნაწყვეტებს. სამივე მათგანი არმიაში და უსაფრთხოების სტრუქტურებში წლების წინ მუშაობდა.

ვიდეოჩანაწერში მუხროვანის სამხედრო ბაზის რვა ოფიცრიდან ხუთი აცხადებს, რომ ბატალიონის მეთაურმა, პოლკოვნიკმა მამუკა გორგიაშვილმა უთხრა მათ 5 მაისს დილით, რომ იგი ”დაუმორჩილებლობას უცხადებს ხელისუფლებას”. ხუთივე ოფიცერმა – ლეიტენანტმა ხვიჩა სადაღაშვილმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ზაზა ოქროპირიძემ, მაიორმა გიორგი სამადაშვილმა, ლეიტენანტმა კახაბერ გოგიჩაიშვილმა და ლეიტენანტმა კახაბერ ჯოლბორდიმ – ეს თავიანთ ჩაწერილ ჩვენებებში გაიმეორა.

თუმცა, ჩანაწერიდან არ ჩანს ნათლად უთხრა, თუ არა ბატალიონის მეთაურმა სამხედროებს ”დაუმორჩილებლობის გამოცხადების” მიზეზი. სწორედ ამის გამო ზოგიერთმა ოპოზიციურმა პოლიტიკოსმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსთხოვა სამხედროების ჩვენებების სრულად გამოქვეყნება.

”პრაქტიკულად ყველა ოფიცერი როცა ამბობს, რომ ბატალიონის უფროსმა გვითხრა, რომ ხელისუფლებას არ უნდა დავემორჩილოთ, არის კადრის წყვეტა, ყველა კადრის წყვეტა. არ არის ნათქვამი ვის ბრძანებას და როგორ ბრძანებას არ უნდა დამორჩილებოდა, როგორი იყო ბატალიონის უფროსის პოზიცია,” – განუცხადა დავით ბერძენიშვილმა რესპუბლიკური პარტიიდან მომიტინგეებს პარლამენტის წინ. 
 
”ჩვენ გვჭირდება დადასტურებული ინფორმაცია ხელისუფლებისაგან, რას ამბობენ ეს ოფიცრები, რატომ არის მოჭრილი ყველა ოფიცრის ჩვენება მაშინ, როდესაც ისინი ახსენებენ დაუმორჩილებლობას. ბუნებრივია, ჩვენ უნდა მივიღოთ ინფორმაცია სრულად. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ეს არის ხელისუფლების ფაბრიკაცია, ამ ხალხს და ბატალიონის უფროსს ავალებდნენ პოლიტიკურ პროცესში ჯარის ჩართვას, თუ სხვა რამეს ავალებდნენ მას. ამიტომ კეთილი ინებოს შსს-მ და სახელისუფლებლო არხებმა სრულად გვაჩვენონ ჩვენებების ეს ნაწილი, რომ ჩვენ გვქონდეს ზუსტი ინფორმაცია, ჩვენ ვიცოდეთ, რომ იყო ბუნტის მცდელობა, თუ ეს იყო ბუნტის იმიტაცია,” – დასძინა მან.
 
სხვა სამხედრო ოფიცრები თავიანთ ჩვენებებში აცხადებენ, რომ მათ დაინახეს რამოდენიმე შეიარაღებული ”უცხო პირი” სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, რომლებიც ბატალიონში არ მსახურობდნენ. ერთი ოფიცერი ამბობს, რომ მან ხუთი თუ ექვსი უცხო ადამიანი დაინახა ბაზის ტერიტორიაზე.

ერთი ოფიცერი, მაიორი მარდონი ჭიხვანაია აცხადებს, რომ რამოდენიმე კვირის წინ მაიორი ლევან ამირიძე, რეინჯერების ბატალიონის მეთაური, რომელიც ამჟამად თავისუფალია, უთხრა მას, რომ ”რამოდენიმე ადამიანმა ოპოზიციაში” შესათავაზა მას შეერთებოდა საპროტესტო აქცია რამოდენიმე ათეულ ჯარისკაცთან ერთად. ”დღეს დილით დაახლოებით 5 საათზე ლევან ამირიძემ დამირეკა და მითხრა, რომ ბატალიონი თავდაცვაზე გადაკვეკვანა და არავინ შემოგვეშვა სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე,” – განაცხადა მან.

ამჟამად, ლევან ამირიძეს სამართალდამცავი სტრუქტურები ეძებენ.

შსს-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეომასალა ასევე შეიცავს გია ღვალაძის ჩვენების ნაწყვეტებს. ეს უკანასკნელი 90-იან წლებში თავდაცვის სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმის უფროსი იყო. მისი თქმით, იგი ცოტა ხნის წინ შეხვდა ყოფილ სამხედრო მაღალჩინოსანს კობა კობალაძეს, რომელიც ამჟამად დაპატიმრებულია. ”კობალაძემ მითხრა, რომ ამ ხელისუფლების საქმე დამთავრებულია და რომ სააკაშვილი მალე წავაო, მაგრამ ვინ მოვა არავინ არ იცის; ჩვენ უნდა მოვიდეთ ხელისუფლებაში,” – განაცხადა ღვალაძემ.

შსს-მ 6 მაისს განაცხადა, რომ ღვალაძე იმ ყოფილ სამხედრო მაღლჩინოსნებს შორისაა, რომელთაც ამბოხება დაგეგმეს. სამინისტროს ცნობით, მათ შორისაა ასევე ყოფილი სამხედრო მაღალჩინოსანი კობა ოთანაძე, რომელიც ამჟამად თავისუფალია.

იგივე ვიდეომასალაში ყოფილი სამხედრო ვაჟა ხუციშვილი აცხადებს, რომ მას უთხრა კობა ოთანაძემ 4 მაისს, რომ 5 მაისს მუხროვანის ბაზაზე მისულიყო. შემდეგ იგი აცხადებს, რომ მუხროვანის ბაზაზე მას უთხრეს, რომ ხელისუფლებას დაუმორჩილებლობა გამოუცხადეს ”მისი ძალისმიერი ჩამოგდების მიზნით”.    
 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button