skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი მთავრობის სხდომაზე ეკონომიკაზე ამახვილებს ყურადღებას

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 22 აპრილს მთავრობის სხდომა წაიყვანა და მიმართა მინისტრებს ეკონომიკური სირთულეების გადალახვაზე გაამახვილონ ყურადღება.

მთავრობის სხდომის შემდეგ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში სააკაშვილი ამბობს, რომ მიუხედავად მსოფლიო ეკონომიკური კრიზისისა, საქართველოს კარგი საფუძველი გააჩნია ეკონომიკური ზრდისთვის და სირთულეების გადასალახავად, მათ შორის იმ უმუშევრობის დასაძლევად, რომელიც ომმა და გლობალურმა კრიზისმა გამოიწვია.

”ბოლო კვირეებში დავამტკიცეთ, რომ მიუხედავად ყველა მცდელობისა, გარე თუ ვიღაც შიდა ელემენტების, საქართველო სტაბილური და მდგრადი ქვეყანაა. და ეს ძალიან დიდი აღმოჩენა იყო ზოგიერთისთვის,” – განაცხადა სააკაშვილმა.

”ჩვენ ახლა უნდა დავიწყოთ ზრდა და იმ დიდი სოციალური პრობლემების გადაჭრა და გაუმჯობესება, რომელიც ჩვენ ხალხს აქვს. ამიტომ, დღეს მთავრობის ყველა უწყება, რომელ სფეროშიც არ უნდა მუშაობდეს იგი, აბსოლუტურად ყველა უწყება – დაწყებული, რა თქმა უნდა, ეკონომიკის სამინისტროდან, ფინანსთა სამინისტროდან დამთავრებული ჩვენ თანამემამულეებთან ურთიერთობის სამინისტროთი და ყველა დანარჩენი სამინისტროებით, რომელიც მუშაობენ – ყველანი ორიენტირებული უნდა იყვნენ ეკონომიკაზე და ეკონომიკურ ზრდაზე. საქართველო უნდა გახდეს ჩვენი რეგიონის ოაზისი ეკონომიკის კუთხით და ეკონომიკური შესაძლებლობების შექმნის კუთხით,” – განაცხადა მან.

მისი თქმით, მთავრობას აქვს ოთხწლიანი განვითარების გეგმები ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებისთვის.

”გარწმუნებთ აი ამ პროგრამას, რომელიც ჩვენ გვაქვს ენერგეტიკის განვითარების 4-წლიანი, სოფლის მეურნეობის 4-წლიანი, საექსპორტო ბაზრის გაფართოების 4-წლიანი, ჯანდაცვის სფეროში 100 საავადმყოფოს მშენებლობის, რომლის რეალური პერსპექტივები გამოიკვეთა უკვე, ინფრასტრუქტურის განვითარების 3-4 წლიანი, ერთი სიტყვით ყველა ის პროგრამა, რომელიც ჩვენ გვაქვს შემდეგ 4-წლიან პერიოდზე მართლა მოგვცემს საშუალებას, რომ 4 წლის თავზე მართლა ისეთ ქვეყნებს დავეწიოთ და გავუსწროთ, რომელსაც ვერასოდეს ვერ წარმოგვედგინა.  იმიტომ, რომ ბევრგან შენელდა ზრდა, ჩვენთან უნდა შევაჩეროთ ვარდნა და ამის შესაძლებლობები მართლა არსებობს, მიუხედავად სიძნელეებისა. აი ეს არის დღეს მთავრობის ამოცანა,” – განაცხადა სააკაშვილმა. 

მან ასევე განაცხადა, რომ იგი ასევე აპირებს ”გავაგრძელო ჩემი ეკონომიკური დიპლომატია” და სხვადასხვა ქვეყნებში ჩავიდეს ინვესტიციების მოსაზიდად. ”ამაზე ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიმუშავოთ,” – დასძინა მან.

მისი თქმით, საქართველო ”შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია”, ვიდრე სხვა ქვეყნები, რომელთაც ეკონომიკურმა კრიზისმა დარტყმა მიაყენა. ”ჩვენთან მაინც შემოდის უცხოური ინვესტიციები მაშინ, როცა სხვა ქვეყნებში საერთოდ შეწყდა ინვესტიციები,” – განაცხადა მან.

სააკაშვილის თქმით, საქართველოს სოფლის მეურნეობის შესაძლებლობები არ არის სრულად გამოყენებული. მისი თქმით, ბოლო წლებში სოფლის მეურნეობის წილი ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში მცირდება, რაც, მისი თქმით, არ არის ნორმალური ტენდენცია იმ ფონზე, როცა მოსახლეობის ნახევარზე მეტი სოფელში ცხოვრობს.

This post is also available in: English Русский

Back to top button