ახალი ამბები

სააკაშვილი: გამოსავალი არის ერთიანობაში და სიმშვიდეში

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ იმ ადამიანების უმეტესობას, რომელიც პროტესტს გამოთქვამს, უკიდურესად უჭირს და პოლიტიკოსებმა ერთად უნდა იფიქრონ მათ დახმარებაზე, ნაცვლად ”სკამებისთვის” ბრძოლისა.

”დიდი ნაწილი, ვინც პროტესტს გამოთქვამს, მართლა უკიდურესი გაჭირვებისგან აკეთებს ამას. ბევრად მეტი ზის სახლში, ბევრად მეტად უჭირს. ყველაზე მეტად მესმის ამ ხალხის გაჭირვება, ყველაზე მეტად ამ ხალხს სჭირდება დახმარება,”- განაცხადა სააკაშვილმა, ”პოლიტიკოსებმა, მე ვფიქრობ, სკამებზე კი არ უნდა იბრძოლონ, არამედ ყველა ერთად დავჯდეთ და ვილაპარაკოთ როგორ უნდა დავეხმაროთ ჩვენ გაჭირვებულ ხალხს. ამაზე უფრო მეტი ამოცანა არავის არ აქვს. ყველა ეს სკამები მორჩება ყველას უკან, თუ ხალხის ცხოვრება არ გაუმჯობესდა”.

მან ეს განცხადება დღეს ახალციხეში სტუმრობისას გააკეთა.

”საქართველოს გამოსავალი არის ერთიანობაში და სიმშვიდეში. სხვა ჩვენ ვერავინ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს, თუ ჩვენ თვითონ მაგრად დავდექით ერთად,”- განაცხადა სააკაშვილმა.   

15 აპრილს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის მოთხოვნა არის ”ულტიმატუმი”, რომელიც ვერ დაეხმარება დიალოგის დაწყებას.   

”სამწუხაროდ ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიციის მხრიდან არანაირ ცვლილებას ადგილი არ აქვს, მათი პოზიცია რჩება იგივე და მათი პოზიცია არის ის, რომ არსებობს ერთადერთი თემა დიალოგისთვის პრეზიდენტის გადადგომა და რიგგარეშე არჩევნები. ჩვენი მიდგომა ამ საკითხთან დაკავშირებით ცნობილია. ასეთი ტიპის მოთხოვნა შინაარსით წარმოადგენს ულტიმატუმს,” – განაცხადა ბაქრაძემ.

მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის არსებობს გარკვეული კონტაქტები, თუმცა ეს დიალოგად ვერ იქნება აღქმული.  
    

    

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button