skip to content
ახალი ამბები

დემონსტრაციის ადგილზე მომხდარი ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალის ნაწილი გამოქვეყნდა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 12 აპრილს დილით გამოაქვეყნა ვიდეოთვალით გადაღებული მასალის ნაწილი, სადაც ასახულია პარლამენტის წინ მომხდარი ინციდენტის რამდენიმე სცენა. ინციდენტი ოპოზიციამ დემონტრაციის ადგილის ”დარბევად” შეაფასა, რის შედეგადაც აპარატურის ნაწილი განადგურდა.

თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც ”მოქალაქეებმა, რომლებიც დემონსტრაციაში მონაწილეობდნენ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს” თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ვიდეომასალა ერთი ვიდეოთვალით გადაღებულ მასალას წარმოადგენს, რომლის ხანგრძლივობა 9 წუთი და 45 წამია.

მასალის პირველი ხუთი წუთის მანძილზე ჩანან მამაკაცები მერიის დასუფთავების სამსახურის ფორმებში, რომლებიც ტერიტორიას ალაგებენ; ერთ მომენტში ჩანან მამაკაცები დასუფთავების სამსახურის ფორმებში, რომლებიც ხის ფიცრებს იღებენ და ნაგვის მანქანაში დებენ; ფიცრებს მომიტინგეები შემოღობვის მიზნით იყენებდნენ, რომელიც ყოფდა იმ ტერიტორიას, სადაც პრესისათვის სპეციალური ადგილი და სხვა დანადგარები იყო განთავსებული. ასევე ჩანან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული მამაკაცები, რომლებიც დამლაგებლებს ეხმარებიან. 

შემდეგ კადრებში ჩანან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული დაახლოებით ორი ათეული მამაკაცი, რომლებიც სავარაუდოდ ჩხუბობენ; ასევე ჩანს მცირედი შეხლა-შემოხლაც. ასევე ჩანს ახლო მდგომი რამოდენიმე მამაკაცი, რომლებიც მომხარს მხოლოდ უყურებენ და არ ერევიან  ინციდენტში. რამოდენიმე წუთის შემდეგ მასალაში ჩანან როგორ ჩხუბობს რამოდენიმე მამაკაცი ერთმანეთში, რის შემდეგაც რამოდენიმე მათგანი გარბის ინციდენტის ადგილიდან. კადრებში არსად ჩანს, რომ დასუფთავების სამსახურის ფორმებში ჩაცმული მამაკაცები ჩხუბში ერევიან.

ამ კონკრეტული ვიდეოთვალით გადაღებული მასალა არ იძლევა იმ კარვის სრულ სურათს, რომელიც აქციის ორგანიზატორებს პრეს-ცენტრად განკუთვნილ ოთახად ჰქონდათ მოწყობილი და სადაც, ოპოზიციის აქტივისტების თქმით, ”თავდამსხმელებმა” რამოდენიმე კომპიუტერი დაამტვრიეს.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ, არა ერთი ვიდეოთვალია დამონტაჟებული, რომლებიც ადგილის სხვადასხვა ხედის ჩვენების საშუალებას იძლევა.

ოპოზიციის რამოდენიმე აქტივისტმა განაცხადა, რომ ”თავდამსხმელები” სამოქალაქო ტანსაცმელში იყვნენ ჩაცმული და ზოგიერთ მათგანს ხის ხელკეტები ეკავათ; სხვების განცხადებით კი, ”თავდამსხმელები” დასუფთავების სამსახურის ფორმებში იყვნენ ჩაცმული.

თბილისის მერმა გიგი უგულავამ განუცხადა ”რუსთავი 2”-ს 12 აპრილს, რომ დასუფთავების სამსახურის თანამშრომლებს ოპოზიციის აქტივისტებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, რამაც ინციდენტი გამოიწვია. მისი თქმით, მერიის დასუფთავების სამსახურის რამოდენიმე ტექნიკური თანამშრომელი ასევე იყო ადგილზე მისული და მათ სამოქალაქო ტანსაცმელი ეცვათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button