
რუსეთის პატრიარქი მადლობას უხდის აფხაზეთის ”პრეზიდენტს”
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა წერილი გაუგზავნა სეპარატისტული აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს, რომელშიც მას ”აფხაზეთის პრეზიდენტად” მოიხსენიებს.
წერილში რუსეთის პატრიარქი ეუბნება ბაღაფშს, რომ რუსული ეკლესია ერთგული დარჩება მისი წინამორბედის კურსისა, რომელიც რუსეთის და აფხაზეთის ხალხებს შორის ძმური ურთიერთობების განვითარებას უკავშირდება.
წერილში, რომელიც 11 თებერვალს რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, პატრიარქი მადლობას უხდის ბაღაფშს მისი აღსაყდრების მილოცვისთვის.
იმავდროულად, სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იტყობინება 12 თებერვალს, რომ ანალოგიური წერილი გაეგზავნა სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის ლიდერს ედუარდ კოკოითს.
პატრიარქმა კირილმა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციის მოსკოვში ვიზიტის დროს განუცხადა დელეგაციის წევრებს, რომ ორ მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის ურთიერთობები არ უნდა იყოს დამოკიდებული ორ ქვეყანას შორის პოლიტიკურ ურთიერთობებზე.
შეხვედრის შემდეგ ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტმა, მეუფე გერასიმემ იმედი გამოთქვა, რომ რუსეთის ეკლესია გააგრძელებს საქართველოს ეკლესიის ერთიანობის მხარდაჭერას.
”იმედი გვაქვს, რასაც ადასტურებს მისი [რუსეთის პატრიარქის] სიტყვები, რაც მან ჩვენთან შეხვედრაზე წარმოთქვა, რომ რუსეთის ეკლესია გააგრძელებს მხარდაჭერას საქართველოს ეკლესიის მთლიანობისა და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ შეიძლება დაგვეხმაროს იმაში, რომ იქ არა ფიქტიურად, არამედ ფაქტიურად აღსდგეს საქართველოს ეკლესიის მოქმედება, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის გაერთიანებას,”- განუცხადა მან ჟურნალისტებს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)