ბრიტანელი მინისტრი საქართველოს სტუმრობს
ბრიტანეთის მინისტრი საერთაშორისო თავდაცვისა და უშიშროების საკითხებში ბარონესა ენ ტეილორი 10-12 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით საქართველოს სტუმრობს. ვიზიტის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნება საქართველოს თანამშრომლობა ნატოსთან წლიური ეროვნული პროგრამის ფარგლებში, განაცხადა ბრიტანეთის საელჩომ თბილისში.
”ჩვენ ორ ქვეყანას შორის წლების მანძლიზე მჭიდრო ურთიერთობები ჩამოვაყალიბეთ და აქტიურად ვთანამშრომლობთ ორმხრივი უსაფრთხოებისა და თავდაცვის საკითხებში,” – განაცხადა ენ ტეილორმა, ”დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მისწრაფებაში. ჩვენ კმაყოფილი ვართ ბუქარესტის სამიტის დეკლარაციით, რომლის მიხედვით "საქართველო ნატოს წევრი ქვეყანა გახდება", ისევე როგორც ნატო-ს მომდევნო გადაწყვეტილებით წლიური ეროვნული პროგრამის განვითარების შესახებ. ეს გვიჩვენებს ალიანსის ვალდებულებებს საქართველოს მიმართ, რაც ითვალისწინებს საქართველოს დახმარებას გაწევრიანების გზაზე.”
”რა თქმა უნდა, წინ ბევრი სამუშაო რჩება, რომლის დიდი ნაწილიც საქართველოს პასუხისმგებლობაში შედის. გაერთიანებული სამეფო დაეხმარება საქართველოს ამაში. მოუთმენლად ველი ნატოსთან საქართველოს დაახლოების შემდგომი ნაბიჯების განხილვას,” – დასძინა მან.
ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვდება საქართველოს თავდაცვის მინისტრს, პარლამენტის თავმჯდომარეს, საგარეო საქმეთა მინისტრს და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილეს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)