skip to content
ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებელი გადაცემის ფორმატს ცვლის

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა განაცხადა, რომ ტელეკომპანიის პოპულარული შოუ ”საქართველოს დიდი ათეული” გაგრძელდება, თუმცა შეცვლილი ფორმატით, რითაც გათვალისწინებულ იქნა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის რჩევა.

შოუმ, რომლის მიზანიც ხმის მიცემის გზით ღვაწლმოსილი ქართველების გამოვლენაა, ქართული ეკლესიის შენიშვნა გამოიწვია, რომლის მიხედვითაც სავსებით მიუღებელია ის ფაქტი, რომ წმინდანები ჩვეულებრივ საერო პირებთან ერთად მონაწილეობენ შეჯიბრში. პროექტის პროდიუსერების თქით, მიუხედავად იმისა, რომ 50 კანდიდატს შორის 13-ვე წმინდანი დარჩება სიაში, მათი ნუმერაცია გაუქმდება მაშინვე, როგორც კი გაიკვევა პირველი ათეული.

”პროექტის ბოლოს დარჩება ათი დიდი ქართველი და ისინი სიაში შევლენ ანბანის მიხედვით და არა ნუმერაციით; არ იქნება პირველი ადგილი, მეორე ადგილი და ასე შემდეგ. ამგვარი ქმედებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ თავიდან ავიცილებთ იმ უთანხმოებას, რომელიც რიგითობასთან დაკავშირებით არსებობს და მეორე მხრივ, ეს დაგვეხმარება შევინარჩუნოთ პროექტის მთავარი იდეა, რომელიც საქართველოში საზოგადოებრივი აზრის გამოვლენას უკავშირდება,” – განაცხადა გადაცემის მთავარმა პროდიუსერმა და ერთ-ერთმა წამყვანმა დაჩი გრძელიშვილმა 21 იანვარს.

22 იანვარს საქართველოს საპატრიარქომ მორიგი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც აცხადებს, რომ ეკლესიისთვის გაუგებარია ის ”ხელოვნული ვნებათაღელვა”, რომელიც ”დიდ ათეულთან” დაკავშირებულ მის პოზიციას მოჰყვა.

”რატომ უნდათ ზოგიერთებს, ეკლესია წარმოაჩინონ ცენზორად, რომელიც თითქოს ზღუდავს სიტყვის თავისუფლებას და თავის თავს კანონზე მაღლა აყენებს?”- ნათქვამია განცხადებაში, ”იქმნება შთაბეჭდილება, რომ ზემოაღნიშნული პოლიტიკის გამტარებელთ სურთ, ეკლესიამ და თვით კათოლიკოს–პატრიარქმაც თავი შეიკავოს ამა თუ იმ საკითხზე აზრის გამოთქმისაგან… ამისი აკრძალვის უფლება არავის აქვს. ამით საქართველოს საპატრიარქო ამ თემაზე საუბარს ამთავრებს”. 

საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ აღნიშნა 10 იანვარს, პროექტის დაწყებიდან დაახლოებით ორ თვეში გაკეთებულ განცხადებაში, რომ გადაცემის ფორმატი, რომელშიც წმინდანები ჩვეულებრივ საერო პირებთან ერთად მონაწილეობენ შეჯიბრში სავსებით მიუღებელია. ხოლო ისინი, ვინც არ ეთანხმებოდნენ ეკლესიის პოზიციას აცხადებდნენ, რომ ნებისმიერი ცვლილება ფორმატში მიუღებელია, რადგანაც ეს საზოგადოებრივ მაუწყებელზე ზემოქმედების ტოლფასი იქნებოდა. ზოგიერთმა ანალიტიკოსმა უკვე გამოთქვა ვარაუდი, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ”კომპრომისული გადაწყვეტილება” ნაკლებად თუ დააკმაყოფილებს რომელიმე მხარეს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button