ახალი ამბები

ოპოზიცია ენგურჰესზე გარიგებას აპროტესტებს

ოპოზიციური პარტიები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ დანაშაული ჩაიდინა, როცა ენგურჰესის ერთობლივი მართვის შესახებ რუსულ სახელმწიფო კომპანია ”ინტერ რაო”-ს გაურიგდა. 

”ეს ხელისუფლება არის მოღალატე, რომელიც ერთის მხრივ აცხადებს, რომ რუსეთი არის ოკუპანტი და მეორის მხრივ, შედის გარიგებაში რუსეთთან,”- განაცხადა საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, ”ეს ხელისუფლება უნდა წავიდეს, რაც შეიძლება სწრაფად”.

ენგურჰესის მართვა რუსული და ქართული მხარეების მიერ ერთობლივად განხორციელდება, რუსულ ”ინტერ რაო”-სა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის დეკემბერში დადებული მემორანდუმის თანახმად, რომლის შესახებაც   თბილისში 12 იანვარს გაკეთდა პირველი განმარტებები.  საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებს, რომ გარიგება განაპირობა ქართული მხარის ფინანსურმა დაინტერესებამ და უსაფრთხოების საკითხებმა. თვენახევარში დაგეგმილია მხარეებს შორის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმება. ოფიციალური განმარტებით, ენგურჰესის აქციათა 100% სახელმწიფოს საკუთრებაში რჩება. 

თუმცა სალომე ზურაბიშვილი ეჭვს გამოთქვამს, რომ ამ გარიგებას ენგურჰესის გასხვისება მოჰყვება ”ისეთივე სქემით”, როგორც ეს მოხდა შევარდნაძის მმართველობის დროს თბილისის ენერგოგამანაწილებელი ქსელის ”თელასის” გაყიდვისას.

”ეს არის დანაშაული, რადგანაც ეს არის ჩვენი ბოლო და ერთ-ერთი მთავარი სტრატეგიული რესურსის გასხვისება,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ”ეს არის დიდი დანაშაული აფხაზეთის მიმართ – ჩვენ თუ ვაპირებთ ოდესმე დავარეგულიროთ ჩვენი ურთიერთობები ამ რეგიონთან, არ შეიძლება ჩვენ წავართვათ აფხაზეთს თავიანთი ნაწილი დენი და გადავცეთ რუსებს”.

ენგურჰესის კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო ელექტროსადგური ადმინისტრაციული საზღვრის აფხაზურ მხარეს მდებარეობს, საიდანაც ყოველწლიურად აფხაზეთი 1,2 მილიარდ კვტ ელექტროენერგიას იღებს.

რესპუბლიკური პარტია მოითხოვს შესწავლილ იქნას მემორანდუმი და მისი გაფორმების მიზეზები. 

”დანაშაული არის ჩადენილი და ამას გამოძიება სჭირდება,”- განაცხადა რესპუბლიკელების წარმომადგენელმა ლევან ბერძენიშვილმა, ”გაუგებარია რატომ უშვებს ხელისუფლება ასეთ კოზირს ხელიდან, რომელიც გვაქვს აფხაზეთთან”.

ლეიბორისტების შეფასებით, ხელისუფლებამ ამ გარიგებით ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას მიაყენა დარტყმა.

”სააკაშვილმა რუსეთს გადასცა, აჩუქა ენგურჰესი, რითაც უდიდესი დარტყმა მიაყენა პოლიტიკურ ინტერესებს, ამით ენერგოდამოუკიდებლობა დამთავრდა,”- განაცხადა ლეიბორისტმა გიორგი გუგავამ, ”ეს არის მოღალატეობრივი აქტი, ეს არის დანაშაული სახელმწიფოს წინაშე და აქ რომ ნორმალური სასამართლო არსებობდეს სისხლის სამართლის საქმე უნდა აღიძრას სააკაშვილის წინააღმდეგ”.

”ეს არის სამხედრო კაპიტულაციის ერთ-ერთი ნაწილი – ეკონომიკური კაპიტულაცია,”- განუცხადა Civil.Ge-ს კონსერვატორების ერთ-ერთმა ლიდერმა კახა კუკავამ, ”ერთადერთი გამოსავალი არის სააკაშვილის დაუყოვნებლივ წასვლა”.

საპარლამენტო უმცირესობამ ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება რუსულ სახელმწიფო კომპანიასთან ”მალულად” დადებული გარიგების გამო და ანტიკრიზისული საბჭოს სხდომაზე ენერგეტიკის მინისტრის ალექსანდრე ხეთაგურის მისვლა მოითხოვა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button