
ობამა: სახელმწიფოს სუვერენიტეტი დაცული უნდა იყოს
მოსკოვში ვიზიტის მეორე დღეს თავის მთავარ გამოსვლაში, აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ, სხვა საკითხებთან ერთად, ასევე ისაუბრა სახელმწიფოს სუვერენიტეტის პრინციპზე, როგორც ”საერთაშორისო წესრიგის ქვაკუთხედზე” და ამ კონტექსტში საქართველო და უკრაინა მოიხსენია.
”ისევე როგორც ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს უფლება აირჩიოს თავისი ლიდერი, სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ უფლება უსაფრთხო საზღვრებზე და საკუთარ საგარეო პოლიტიკაზე. ეს ვრცელდება რუსეთზე, ისევე როგორც ეს მოქმედებს შეერთებულ შტატებში. ნებისმიერი სხვა სისტემა, რომელიც ამ უფლებებს უგულებელყოფს, გამოიწვევს ანარქიას. ამიტომაც ეს პრინციპი უნდა ვრცელდებოდეს ყველა ქვეყანაზე, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაზე,”- განაცხადა პრეზიდენტმა ობამამ.
რუსეთის ეკონომიკურ სკოლაში გამოსვლისას მან 7 ივლისს ასევე განაცხადა, რომ თანამედროვე მსოფლიოში ”დიდი სახელმწიფოები არ გამოხატავენ სიძლიერეს სხვა ქვეყნებზე დომინირებით და სხვა ქვეყნების დემონიზირებით. ის დრო, როდესაც იმპერიები სუვერენულ სახელმწიფოებს ექცეოდნენ, როგორც ჭადრაკის დაფის ფიგურებს, წარსულს ჩაბარდა”.
აშშ-ის პრეზიდენტი ასევე შეეხო ნატოს თემას აღნიშნა რა, რომ შეერთებული შტატები ”არასოდეს მოახვევს თავს უსაფრთხოების წესებს სხვა ქვეყანას” და დასძინა: ”ნება მომეცით მკაფიოდ განვაცხადო: ნატო მიისწრაფის თანამშრომლობისკენ რუსეთთან და არა კონფრონტაციისკენ”.
”იმისთვის რომ ქვეყანა გახდეს ნატო-ს წევრი, საჭიროა, რომ მისი მოსახლეობის უმრავლესობა ემხრობოდეს ამას; მათ ასევე უნდა გაატარონ რეფორმები; და მათ უნდა შეეძლოთ წვლილი შეიტანონ ალიანსის მიზნების განხორციელებაში,”- განაცხადა მან.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)