ახალი ამბები

ილია მეორე რუსეთში ვიზიტის შედეგებზე საუბრობს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოსკოვიდან თბილისში დაბრუნების შემდეგ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი მომხრეა კონფლიქტურ რეგიონებში დევნილების დაბრუნების და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების განახლების.

”რუსეთის პრეზიდენტი მომხრეა ლტოლვილების დაბრუნებისა და ეს ძალიან სასიხარულო სიმპტომია, და საზღვრების გახსნისა, საელჩოების ამოქმედების,”- განუცხადა ილია მეორემ 11 დეკემბერს ჟურნალისტებს.

”თითქმის ყველა საკითხში თანხმობა იყო და ვფიქრობ, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა გამოიყენოს ეს ჩვენი იქ ყოფნა და უნდა გააგრძელოს ეს კურსი და ვფიქრობ ასევე, რომ ეს მოგვიტანს კარგ შედეგებს,”- აღნიშნა მან.

ილია მეორე მოსკოვში რუსეთის პატრიარქის ალექსი მეორის დაკრძალვის ცერემონიაზე დასასწრებად იმყოფებოდა. პატრიარქმა შეხვედრა გამართა რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან.

აგვისტოს ომის შემდეგ ეს მართლმადიდებლური ეკლესიის დელეგაციის მეორე ვიზიტი იყო მოსკოვში. ერთი თვის წინ პირველი ვიზიტისას დელეგაცია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button