skip to content
ახალი ამბები

საქართველოს გამთლიანება კვლავ მთავარ გეგმად რჩება – სააკაშვილი

საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მთავარ გეგმად კვლავ საქართველოს გამთლიანება რჩება და ამ საკითხის გადაწყვეტის გზა ”არ არის ტანკები, თვითმფრინავები, ტყვიამფრქვევები, ზარბაზნები”, არამედ ”საქართველოს ეკონომიკური წარმატება და საქართველოს ეკონომიკური გადარჩენა”.

”ეს გეგმა [საქართველოს გამთლიანების] არსად არ წასულა და ამ გეგმაზე ჩვენ უარი არ გვითქვამს,”- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, ”უბრალოდ რუსეთმა ყველაფერზე აიღო ხელი, ყველაფერს გადაუსვა ხაზი. პრაქტიკულად შეარყია მთელი მსოფლიო არქიტექტურა, თქვა – მე მზად ვარ, რომ ვიყო ისეთივე დამპყრობელი, როგორც იყო ნაცისტური გერმანია, ვიყო ისეთივე საზიზღარი, როგორიც იყო სტალინის საბჭოთა კავშირი”.

პრეზიდენტის თქმით, არსებულ სიტუაციაში არსებობს ორი პასუხი – ერთი, რომ მოხდეს არსებულ ვითარებასთან შეგუება, როცა ”კიდევ უფრო მეტად გადაგივლის და ბოლომდე  შეგჭამს [რუსეთი]”.

”და მეორეა, რომ გვესმოდეს ის, რომ რაც მათ გააკეთეს ის არ შერჩენია არც ნაცისტურ გერმანიას და არც სხვა დამპყრობელს ისტორიაში და მითუმეტეს 21-ე საუკუნეში. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ამას ყველაფერს უწერია ძალიან მოკლე დრო. არავინ არ ცნო რუსეთის გარდა ეს დაპყრობები,” – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა და აშშ-ს სახელმწიფო მდივნის კონდოლიზა რაისის განცხადება მოიყვანა.

რაისმა 9 დეკემბერს ამერიკის საზოგადოებრივ რადიოს (NPR) განუცხადა, რომ რუსეთმა საქართველოში თავის ”სტრატეგიულ მიზნებს” ვერ მიაღწია და ეს განაპირობა ”აშშ-სა და ევროპის ერთობლივმა პასუხმა იმაზე, რაც მოხდა საქართველოში”.  ”ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ რუსეთმა ბევრს ვერაფერს მიაღწია და მან ბევრი რამ დაკარგა საქართველოსთან მიმართებაში და შეიძლება, ეს შეაკავებს მათ, რომ ამ ტიპის ქმედებები აღარ გაიმეორონ,”- აღნიშნა რაისმა. 

”აქ საქართველოში გვყავს უამრავი ოპოზიციონერი, რომლებიც იძახიან, რომ საქართველომ ომი წააგო და ამერიკის სახელმწიფო მდივანი იძახის, რომ რუსეთმა წააგო. როგორ ეთავსება ეს ერთმანეთს? ნუთუ ჩვენ თვითონ ვართ ჩვენი თავის მტრები?” – განაცხადა პრეზიდენტმა, ”საქართველოს ომი არ წაუგია მანამ სანამ ჩვენ ვართ ცოცხლები, მანამ სანამ საქართველოს სახელმწიფო ცოცხალია… მანამ სანამ მთელი მსოფლიო არის საქართველოს მხარეს და რუსეთი არის ამ საკითხში იზოლირებული”.

პრეზიდენტის თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამოსავალი არის საქართველოს ”ეკონომიკური  გადარჩენა” მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში. 

”ჩვენი პატარა გემი შედის ახლა ისეთ შტორმში, სადაც ბევრად უფრო დიდი გემები შეიძლება ჩაიძიროს,”- განაცხადა მან, ”ჩვენ გემში უნდა მოვახდინოთ ისეთი გადანაცვლებები, რომ ჩვენი გემი უფრო გამძლე აღმოჩნდეს შტორმის პირობებში, ვიდრე რომელიმე დიდი გემი”.

მან რუსეთის ეკონომიკა ”ტიტანიკს” შეადარა და განაცხადა, რომ საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთში ”ჩამოიშალა ბირჟის 80% და სახელფასო დავალიანებები უკვე შეადგენს 13%-ს ეკონომიკის”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button