აშშ-ის პოზიცია საქართველოს ნატოში მისწრაფებაზე ”უცვლელია”
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა შონ მაკკორმაკმა განაცხადა, რომ ვაშინგტონის ”პოლიტიკა უცვლელია” საქართველოს ნატოში წევრობის სამოქმედო გეგმასთან (MAP) დაკავშირებით.
ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები 2-3 დეკემბერს ბრიუსელში შეიკრიბებიან და სხვა საკითხებთან ერთად განიხილავენ, თუ როგორ წაიწიონ წინ საქართველოს ნატოში გაწევრიანების ამბიციებთან დაკავშირებით.
ნატომ აპრილის ბუქარესტის სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში მისწაფებას პოლიტიკური მხარდაჭერა აღუთქვა, თუმცა MAP-ის მინიჭების საკითხის განხილვა დეკემბრის მინისტერიალისთვის გადადო.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმა ოქტომბერში ნატოს წევრ სახელმწიფოებს მოუწოდა, რომ მხარი დაუჭირონ დეკემბერში საქართველოსთვის MAP-ის მინიჭებას და ასევე დაუჭირონ მხარი საქართველოს საჭირო რეფორმების განხორციელების საქმეში.
თუმცა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ვაშინგტონი, რომელიც შიშობს, რომ MAP-ის მინიჭება საქართველოსთვის ალბათ დეკემბერში შეუძლებელი იქნება, ახლა ცდილობს ალტერნატიული ვარიანტები წამოაყენოს, რომელიც ქვეყნის შემდგომი ინტეგრაციის გარკვეულ ელემენტებს შეიცავს.
ტალინში ნოემბრის დასაწყისში ჟურნალისტებთან საუბრისას რობერტ გეითსმა განაცხადა: ”წევრობისკენ სხვადასხვა გზები მიდის. ზოგიერთი მათგანი სულაც არ გადის MAP-ზე”.
”როიტერი” იტყობინება 24 ნოემბერს მაღალი რანგის ევროპელ დიპლომატზე დაყრდნობით, რომ ”MAP-ი მკვდარია საქართველოსთვის”. ”თუმცა არავის სჯერა ამისი, მაგრამ ნატოს მინისტერიალზე ჩვენ შევეცდებით და მოვძებნით რაიმე იმიჯის შესანარჩუნებელ [გადაწყვეტილებას],” – განაცხადა დიპლომატმა.
როდესაც ჰკითხეს ამ ინფორმაციის თაობაზე, შონ მაკკორმაკმა მხოლოდ ის განაცხადა, რომ მას იმედი აქვს, რომ ”იქნება ჯანსაღი განხილვა ჩრდილოეთ ატლანტიკურ საბჭოში” ბრიუსელში 2-3 დეკემბერს.
ნატო-საქართველოს კომისია, რომელიც აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა, ასევე აპირებს შეკრებას ნატოს მინისტერიალის ფარგლებში ბრიუსელში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)