
სარკოზი ევროკავშირი-რუსეთის მოლაპარაკებების განახლებისკენ მოუწოდებს
საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ განაცხადა, რომ იგი მხარს უჭერს რუსეთთან პარტნიორობის შესახებ მოლაპარაკებების განახლებას.
”უნდა შევქმნათ კიდევ ერთი ევროპა-რუსეთის კრიზისი?” – განაცხადა სარკოზიმ ბრიუსელში 7 ნოემბერს გამართულ ევროკავშირის სამიტზე. ”ეს გონივრულად არ მეჩვენება,” – განუცხადა მან ჟურნალისტებს სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
4 ნოემბერს გამოქვეყნებულ ერთობლივ განცხადებაში პოლონეთის და ლიტვის პრეზიდენტებმა განაცხადეს, რომ ”ძალიან ადრეა” რუსეთთან მოლაპარაკებების განახლება, სანამ ის სრულად არ შეასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას საქართველოსთან. ანალოგიური პოზიცია გაახმოვანეს ლეხ კაჩინსკიმ და ვალდას ადამკუსმა 7 ნოემბერს ბრიუსელში ევროკავშირის ლიდერთა არაფორმალური შეხვედრის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრაზე, იტყობინება ლიტვის პრეზიდენტის პრესსამსახური.
თუმცა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ განაცხადა ბრიუსელის სამიტის შემდეგ, რომ მან უთხრა პოლონეთის და ლიტვის პრეზიდენტებს, რომ ”უმჯობესი იქნება ჩვენთვის, რომ გვქონდეს ერთიანი ევროპული პოზიცია, როდესაც რუსეთს ვესაუბრებით, პოზიცია, რომელიც შესაძლოა არ იყოს 100% იმისა, რაც შეიძლება გვინდოდეს, ვიდრე ის, რომ გვქონდეს სამი ან ოთხი პოზიცია ევროპიდან, როდესაც რუსეთს ველაპარაკებით”.
იმავდროულად, ”როიტერი” იტყობინება, რომ ბრიტანეთი ასევე უჭერს მხარს მოლაპარაკებების აღდგენას, თუმცა სურს, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა 10 ნოემბერს მიიღონ განცხადება, რომელშიც ნათქვამი იქნება, რომ რუსეთმა სრულად უნდა შეასრულოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები.
ეს ორი საკითხი ერთმანეთს 1 სექტემბერს დაუკავშირდა, როდესაც ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს შემდეგი გადაწყვეტილება: ”სანამ ჯარები არ გავლენ 7 აგვისტომდე არსებულ პოზიციებზე, მოლაპარაკებები [რუსეთთან] პარტნიორობის შეთანხმების თაობაზე გადაიდება”.
This post is also available in: English (ინგლისური)