აშშ-ისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა შედგა
სამხედრო სფეროში საქართველოს დახმარებისა და ნატოში ინტეგრაციის მხარდაჭერის საკითხები განიხილეს აშშ-ის თავდაცვის მდივანმა რობერტ გეითსმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დავით კეზერაშვილმა დღეს ბუდაპეშტში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც ნატოს თავდაცვის მინისტრთა შეხვედრის ფარგლებში შედგა.
შეხვედრის შემდეგ კეზერაშვილმა ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ოქტომბრის ბოლოს აშშ-ში გაემგზავრება ქართული დელეგაცია, სადაც ”დეტალურად გაივლიან იმ საკითხებს, რაშიც შეიძლება დაგვეხმაროს ამერიკის შეერთებული შტატები”.
ოფიციალური ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო დახმარების პრიორიტეტი იქნება საქართველოს საჰაერო თავდაცვის უზრუნველყოფა.
კეზერაშვილმა ასევე განაცხადა, რომ აშშ-მ კიდევ ერთხელ აღუთქვა მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე.
”ისინი [ამერიკული მხარე] იზამენ ყველაფერს იმისათვის, რომ დაარწმუნონ ის ქვეყნები, რომელთაც ჯერ კიდევ შეიძლება ჰქონდეთ გარკვეული ეჭვები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ უნდა მიიღოს ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა (MAP),”- განუცხადა მან ჟურნალისტებს.
2 ოქტომბერს სანკტ-პეტერბურგში ვიზიტისას გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ საქართველოსთვისა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება ადრეა. ამ საკითხს დეკემბერში ნატოს მინისტერიალი განიხილავს.
იმავდროულად, ნატოს თავდაცვის მინისტრების ბუდაპეშტის შეხვედრის ფარგლებში 10 ოქტომბერს დაგეგმილია ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, სადაც თავდაცვის მინისტრები პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)