ახალი ამბები

სასაზღვრო პოლიცია ”მიზანმიმართულ” დევნაზე საუბრობს

სასაზღვრო პოლიცია აცხადებს, რომ შსს-ის გენერალური ინსპექცია მისი თანამშრომლების ”მიზანმიმართულ დევნას” ახორციელებს მექრთამეობის მოტივით.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მეუღლის, ბადრი ბიწაძის უწყებამ ეს განცხადება 2 ოქტომბერს მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც წინა დღეს შსს-ის გენერალურმა ინსპექციამ განაცხადა, რომ ქრთამის აღების ბრალდებით, დაკაავა სანაპირო დაცვის მესაზღვრე ვლადიმერ კიზინი, რომელმაც საქართველოს საზღვაო საზღვრის უპრობლემოდ გადაკვეთის სანაცვლოდ მოქალაქისაგან ქრთამის სახით 150 ამერკული დოლარი აიღო. სასაზღვრო პოლიცია შსს-ის სტრუქტურული ერთეულია.

”თვითონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გავრცელებული კადრებიდან კარგად ჩანს, რომ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ფოთის სანაპირო ბაზის ელექტრო და რადიო გაყვანილობების შემკეთებელს [ვლადიმერ კიზინს], ხელების გადაგრეხვით ძალით უდებენ ხელში ფულს,”- აცხადებს ბიწაძის უწყება.

ცოტა ხნის წინ საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ასევე გააკრიტიკა სასაზღვრო უწყება და განაცხადა, რომ პარლამენტის დროებითი კომისია ყურადღებას გაამახვილებს ამ უწყების ქმედებებზე ომის პერიოდში, ”რადგან ჩვენ გვაქვს გარკვეული მონაცემები იმასთან დაკავშირებით, რომ ყველა კეთილსინდისიერად იმ პერიოდში არ მოიქცა”.

იმავდროულად, 1 ოქტომბერს ნინო ბურჯანაძემ ხელისუფლების მიმართ დასმული 43 შეკითხვის ფარგლებში ასევე გააკრიტიკა ხელისუფლება იმის გამო, რომ პარლამენტმა არ შექმნა საგამოძიებო კომისია აგვისტოს მოვლენებთან დაკავშირებით და ამის ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილება დროებითი საპარლამენტო კომისიის შექმნაზე, რომლის ”უფლებებიც ბევრად შეზღუდულია”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button