ახალი ამბები

გადაცემა Primetime-ი ოფიციალურად დაიხურა

გადაცემა Primetime-ი, რომელიც კვირაში ორჯერ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში გადიოდა და რომლის წამყვანიც პოპულარული ჟურნალისტი ინგა გრიგოლია იყო, ოფიციალურად დაიხურა მას შემდეგ, რაც ოთხი თვის წინ მან ”დროებით შეწყვიტა” მუშაობა.

გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში, რომელიც 16 სექტემბერს გამოქვეყნდა, ინგა გრიგოლიამ განაცხადა, რომ მას გადაცემის მწარმოებელმა TBC TV-მ აცნობა, რომ ”რუსთავი 2” ვეღარ იყიდიდა თოქშოუს ფინანსური პრობლემების გამო. გრიგოლიამ განაცხადა, რომ მას ეჭვი ეპარება, რომ ეს ნამდვილი მიზეზია. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გადაცემა ”ძვირადღირებული” იყო, იგი პოპულარულიც იყო და მასში განთავსებული რეკლამები ყველაზე ძვირი ღირდა.

Primetime-მა, რომლის მწარმოებელიც TBC TV სტუდიაა და რომელსაც ”რუსთავი 2”-თან ერთწლიანი კონტრაქტი ჰქონდა გაფორმებული, თოქშოუები ივნისის დასაწყისში შეწყვიტა. მაშინ ამის მიზეზად ის დასახელდა, რომ ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ს ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩების პირდაპირი ტრანსლაცია ჰქონდა დაგეგმილი. იმავდროულად, გავრცელდა ინფორმაცია, რომ გრიგოლიას გადაცემა შესაძლოა დაიხუროს, რაც ხელისუფლების კულუარებში კატეგორიულად არ უარყვეს. ჩემპიონატის დასრულების შემდეგაც გადაცემის გაშვება არ განახლდა და ამის მიზეზად საზაფხულო არდადეგები დასახელდა.

ამჟამად მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებელი არცერთი ტელეკომპანიის ეთერში პოლიტიკური თოქ-შოუ არ გადის. საზოგადოებრივი მაუწყებლის ერთადერთი პოლიტიკური თოქ-შოუ ”დღის კომენტარი”, რომელიც ეთერში სამშაბათს და პარასკევს საღამოობით გადიოდა,  საზაფხულო შვებულების მოტივით 17 ივნისს ასევე დაემშვიდობა მაყურებელს სექტემბრამდე, თუმცა არც სექტემბერში განახლდა პროგრამის გაშვება.

პოლიტიკური თოქ-შოუ არ შეუწყვეტია ოპოზიციურ ტელეკომპანია ”კავკასიას”, რომელიც მხოლოდ თბილისში მაუწყებლობს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button