რუსეთი თავის ძალებს სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ”დიდი ხნით” დატოვებს
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა 9 სექტემბერს განაცხადა, რომ რუსეთი ”მომდევნო დღეებში” ხელს მოაწერს შეთანხმებას აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან, რომელიც უზრუნველყოფს ამ ორ რეგიონში რუსული ძალის ყოფნის ”სამართლებრივ საფუძველს”.
”ისინი იქ დიდი ხანი დარჩებიან, სულ ცოტა მომდევნო პერიოდში მაინც. ეს საჭიროა ქართული აგრესიის განმეორების აღსაკვეთად,” – განაცხადა ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე.
”რუსული ძალები სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის პრეზიდენტების და პარლამენტების თხოვნის საფუძველზე იმყოფებიან ამ ტერიტორიებზე და ასევე რუსეთის პრეზიდენტის მითითებით,” – დასძინა მან.
მან ასევე განაცხადა, რომ რუსეთი განაგრძობს მცდელობებს საქართველოს შეიარაღების აღსაკვეთად. ”ჩვენ შეშფოთებული ვართ საქართველოს ხელმძღვანელობის შეიარაღების მცდელობების გამო და ამ საკითხს საერთაშორისო არენაზე ვაყენებთ,” – განაცხადა ლავროვმა.
მან დასძინა, რომ ახლა ევროკავშირი იმის გარანტორია, რომ საქართველო არ გამოიყენებს ძალას იმისთვის, რომ კვლავ სცადოს კონტროლის დამყარება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)