ახალი ამბები

მოსკოვი აკრიტიკებს ჩეინის განცხადებებს

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტის დიკ ჩეინის თბილისში გაკეთებული განცხადებები მხოლოდ გაზრდის ”სააკაშვილის რეჟიმის აგრესიულ ამბიციებს”, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა 5 სექტემბერს.

”ამ ტიპის განცხადებები, პირველ რიგში ახალი დაპირებები თბილისის დაჩქარებულ ინტეგრაციაზე ნატოში, მხოლოდ გააძლიერებს სააკაშვილის რეჟიმის დაუსჯელობის გრძნობას და მის აგრესიულ ამბიციებს,”- იუწყება ”ინტერფაქსი” რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის ანდრეი ნესტერენკოს სიტყვებზე დაყრდნობით.

”ბატონმა ჩეინიმ ასევე ისაუბრა საქართველოსთვის დახმარების ახალ პაკეტზე – სხვათა შორის ამ დახმარების ღირებულება თითქმის უტოლდება თბილისის თავდაცვის ბიუჯეტს,”- დასძინა მან.

ივლისში საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა 2008 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, რომლითაც თავდაცვის ხარჯები 295 მლნ ლარით გაიზარდა და ამ სფეროს მთლიანმა ბიუჯეტმა წელს 1.395 მლრდ ლარი შეადგინა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button