skip to content
ახალი ამბები

რუსეთი ექვსპუნქტიან გეგმას მხარს უჭერს

რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა თავის ფრანგ კოლეგასთან ნიკოლა სარკოზისთან გამართული შეხვედრის შემდეგ მხარდაჭერა აღუთქვა ექვს-პუნქტიან გეგმას საქართველოში საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე.

მოსკოვში სარკოზისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საუბრისას მედვედევმა გეგმის ექვსი პრინციპი წაიკითხა. მოსკოვიდან სარკოზი თბილისში ჩამოვა და შეეცდება პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ გეგმის მხარდაჭერა მოიპოვოს.

”პირველი [პრინციპი] – ვალდებულება ძალის არ გამოყენების თაობაზე,” – განაცხადა პრეზიდენტმა მედვედევმა. ”მეორე – სამხედრო მოქმედებების საბოლოოდ დასრულება; მესამე – ჰუმანიტარული დახმარებაზე თავისუფალი დაშვება; მეოთხე – ქართული შეიარაღებული ძალები ბრუნდებიან თავიანთი დისლოკაციის ადგილებზე; მეხუთე – რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ჯარები გადაადგილდებიან ხაზზე, რომელიც არსებობდა საბრძოლო მოქმედებების დაწყებამდე. საერთაშორისო მექანიზმების შექმნამდე რუსი სამშვიდობოები იღებენ უსაფრთხოების დამატებით ზომებს; მეექვსე – საერთაშორისო განხილვების დაწყება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსის და მათი სტაბილური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზების შესახებ”.

მისი თქმით, თუ ქართული მხარე ნამდვილადაა მზად ხელი მოაწეროს ამ პრინციპების შესრულებას და გაიყვანოს თავისი ძალები, მაშინ ”სამხრეთ ოსეთში სიტუაციის თანდათანობით ნორმალიზებისკენ გზა გაიხსნება”.

”ჩვენ შევეცადეთ ქაღალდზე მოგვეძებნა მოგვარების გზა, რაც უზრუნველყოფდა მოკლევადიან საშუალებას შეთანხმების მისაღწევად,” – განაცხადა სარკოზიმ. ”ეს დროებითი ცეცხლის შეწყვეტა შეიძლება პერმანენტული გახდეს”.

 

მსგავსი/Related

Back to top button