შსს-მ ’კორუმპირებულთა’ ტელე-დაჭერები განაახლა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა (კუდი) დღეს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოს უფროსის მოადგილე ზაზა კოპლატაძე თავისივე კაბინეტში ქრთამის აღების ბრალდების მედიის თანხლებით აიყვანა.
ტელეკამერების წინ ბრალის წაყენების შემდეგ, რაც 11-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, კოპლატაძეს გულის შეტევა მოუვიდა. ის უგონო მდგომარეობაში საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ამჟამად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.
დაკავების ოპერაციას სოდ-ის უფროსის მოადგილე იოსებ თოფურიძე ხელმძღვანელობდა. მისი მონაწილეობით ანალოგიური დაჭერები არაერთხელ განხორციელებულა ნოემბრის მოვლენებამდე.
”ნუ გექნებათ იმის ილუზია, რომ ჩვენ შევარბილებთ ბრძოლას კორუფციასთან,”- განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე სოსო თოფურიძემ.
მისი ინფორმაციით, ზაზა კოპლატაძემ ქრთამის სახით 1 500 აშშ დოლარი აიღო წამლის იმპორტიორი მეწარმისგან მალხაზ კოკიჩაიშვილისაგან, რომელიც ასევე დაკავებულია. გარდა ამისა, თოფურიძის განცხადებით, ისინი შევიდნენ ერთმანეთთან გარიგებაში, რომლის მიხედვითაც კოკიჩაიშვილი ყოველთვიურად კოპლატაძეს გადაუხდიდა 2 ათას ევროს, სანაცვლოდ კი ის სამკურნალო საშუალებების სახელმწიფო რეგისტრაციის პროცედურებს დროულად და შეუფერხებლად გაივლიდა.
თოფურიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე ჯანდაცვის მინისტრმა ალექსანდრე კვიტაშვილმა განაცხადა, რომ ”შოკირებულია” მომხდარით.
”იმედია, რომ [კოპლატაძის] ჯანმრთელობას საფრთხე არ დაემუქრება, მაგრამ ბუნებრივია, რომ ასეთი სიტუაციის შემდეგ ბევრს ვერ გაუძლებს ნერვები,”- განაცხადა კვიტაშვილმა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)