ახალი ამბები

თბილისი აფხაზეთში რუსული სარკინიგზო ძალების შეყვანას ”აგრესიულ ნაბიჯად” აფასებს

ოფიციალური თბილისი აპროტესტებს საქართველოს ხელისუფლებასთან შეუთანხმებლად თვითგამოცხადებულ აფხაზეთში რუსული სარკინიგზო ჯარების შემოყვანას და ამ ნაბიჯს აფასებს, როგორც ”სამხედრო ინტერვენციისთვის” მზადებას.

”დღეს საქართველოს მთავრობასთან შეუთანხმებლად რუსეთის ფედერაციამ საქართველოს ტერიტორიაზე შემოიყვანა სარკინიგზო ჯარები, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგზაო და ხიდების აღდგენის სპეციალისტები და დაიწყეს რკინიგზის აღდგენა,”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, ”ჩვენ ამას ვაფასებთ, როგორც  რუსეთის კიდევ ერთ აგრესიულ ნაბიჯს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართებით. სამხედრო ინფრასტრუქტურას აძლიერებენ საქართველოში ინტერვენციის დასაწყებად”. 

მისი თქმით, საგარეო საქმეთა სამინისტროში უკვე დაბარებულია რუსეთის ელჩი საქართველოში ვიაჩესლავ კოვალენკო ”მკაცრი პროტესტის” გამოხატვის მიზნით.

ვაშაძემ ასევე აღნიშნა, რომ ქართული მხარე დაიწყებს კონსულტაციებს მეგობარ ქვეყნებთან, რათა ”საჩქაროდ გავცეთ პასუხი ამ აგრესიულ ქმედებებს”.

”მიმდინარეობს აფხაზეთის ანექსია ყველა მიმართულებით  – სავაჭრო, სოციალური, ეკონომიკური, სამართლებრივი და ამას უკვე დაემატა უკიდურესად საშიში სამხედრო კომპონენტი,”- ხაზი გაუსვა გრიგოლ ვაშაძემ,  ”არავის არ სჭირდება სარკინიგზო ჯარების შემოყვანა სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, თუ არ მზადდება სამხედრო ინტერვენცია”.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განუცხადა დღეს ”რუსთავი 2”-ს, რომ უკვე 400 სარკინიგზო ჯარისკაცია აფხაზეთის ტერიტორიაზე შესული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 31 მაისს განაცხადა, რომ ”ჰუმანიტერული” მოსაზრებებით გაგზავნა თავისი სარკინიგზო ძალები აფხაზეთში რკინიგზის და საგზაო ინფრასტრუქტურის  რეაბილიტაციის მიზნით. სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ეს ქმედება ხორციელდება რუსეთის პრეზიდენტის 16 აპრილის გადაწყვეტილების ფარგლებში, რომელიც საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარებას ითვალისწინებს.

”დემაგოგიაა, როცა ინტერვენცია მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე გამართლებულია ვითომცდა ჰუმანიტარული მოსაზრებებით, ამ დროს კი ხდება სამხედრო ინფრასტრუქტურის გაზრდა,”- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

იმავდროულად, დღეს დასრულდა იმ რუსი სამშვიდობო შენაერთის როტაცია აფხაზეთში, რომლებიც ერთი წლის განმავლობაში ასრულებდნენ ამ ფუნქციას. ”აფსნიპრესის” ცნობით, გეგმიური როტაციის შედეგად მაიკოპის მოტომსროლელი ბრიგადის 500-კაციანი ბატალიონი ჩანაცვლდა.  29 აპრილს რუსეთმა აფხაზეთში თავისი კონტიგენტი 545 სამხედრო მოსამსახურით გაზარდა და შედეგად, აფხაზეთის კონფლიქტის ზონაში სამშვიდობოების რაოდენობამ 2542-ს მიაღწია.  

”თუ ჩვენ გავიხსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციამ შემოიყვანა 500 სადესანტო ჯარისკაცი, ამას თუ დავუმატებთ ჩვენ, რომ ჩვენ ტერიტორიაზე ახლა უკანონოდ იმყოფება ზენიტური დანადგარები და ჰაუბიცები, რომელსაც 50 კმ-ზე გასროლის შესაძლებლობა აქვს, მე მგონია გასაგები ეს რისთვის კეთდება,”- განაცხადა დღევანდელ ბრიფინგზე გრიგოლ ვაშაძემ.

სარკინიგზო ძალების შემოყვანის შესახებ რუსეთმა გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც თბილისს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე იური ზუბაკოვი სტუმრობდა. მან 29 მაისს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრაზე ივნისის დასაწყისში, სანკტ-პეტერბურგში რუსეთის პრეზიდენტთან დიმიტრი მედვედევთან დაგეგმილი შეხვედრის დეტალები განიხილა. 

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 27 მაისს განაცხადა, რომ რუს კოლეგასთან შეხვედრაზე დააყენებს აფხაზეთში  რუსული სამშვიდობო კონტიგენტის  გაზრდილი რაოდენობის გაყვანის, 16 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმებისა და არსებული სამშვიდობო ფორმატის გადახედვის საკითხებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button