skip to content
ახალი ამბები

დროა დავმარხოთ გაეროს ფორმატი – იაკობაშვილი

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ გაეროს ეგიდით მიმდინარე მოლაპარაკებების ფორმატი აფხაზეთის თაობაზე ”გარდაიცვალა”.

ეს განცხადება მან მას შემდეგ გააკეთა, რაც აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა, რომ სოხუმმა შესაძლოა განიხილოს ფორმატიდან გამოსვლის საკითხი. შამბას ეს განცხადება მოჰყვა გაეროს დამკვირვებელთა მისიის საგამოძიებო დასკვნას იმის შესახებ, რომ 20 აპრილს ქართული უპილოტო თვითმფრინავი რუსულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო.  

”რაც შეეხება აფხაზების განცხადებას, მე ვფიქრობ, რომ აფხაზები ამ განცხადებას თავისი ნებით არ აკეთებენ. მათ კარნახობენ, რომ ასეთი რამ გააკეთონ. თუ ისინი გამოვლენ გაეროს ფორმატიდან, ძალიან კარგი იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ ეს ფორმატი უკვე დიდი ხანია გარდაცვლილია. უბრალოდ დასამარხი იყო და დროა, რომ დავმარხოთ,” – განუცხადა იაკობაშვილმა ჟურნალისტებს 27 მაისს. 

ჟენევის შეხვედრები ტარდება გაეროს ეგიდით, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების – საფრანგეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი და აშშ – მონაწილეობით. შეხვედრას ქართული და აფხაზური მხარეებიც ესწრებიან. ამ ფორმატში ბოლო შეხვედრა 18-19 თებერვალს გაიმართა.

აპრილში აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა მოუწოდა აფხაზეთის ლიდერს სერგეი ბაღაფშს შეწყვიტოს სოხუმის მონაწილეობა ე.წ. ჟენევის პროცესში. სოხუმმა მას შემდეგ დაიწყო მეგობართა ჯგუფის გაკრიტიკება, რაც მისმა ოთხმა დასავლელმა წევრმა – აშშ, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი და გერმანია – 23 აპრილს ერთობლივი განცხადება გამოქვეყნეს, რომელშიც მოუწოდეს რუსეთს ”გააუქმოს ან არ განახორციელოს თავისი გადაწყვეტილება” აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების თაობაზე. 

ამასობაში, აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა 27 მაისს უარყო გაეროს მისიის დასკვნა და განაცხადა, რომ რუსეთს არაფერი აქვს საერთო ქართული უპილოტო თვითმფრინავების ჩამოგდებასთან.

”შვიდივე ქართული უპილოტო თვითმფრინავი აფხაზურმა საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო,” – იტყობინება ”აფსნიპრესი” ბაღაფშის სიტყვებზე დაყრდნობით.

სოხუმი აცხადებს, რომ მან მარტიდან მოყოლებული შვიდი უპილოტო ქართული თვითმფინავი ჩამოაგდო. შვიდივე თვითმფრინავი ისრაელის მიერ წარმოებული Hermes 450 ტიპისაა. თბილისმა მხოლოდ 20 აპრილს ერთი თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტი დაადასტურა.

გაეროს დამკვირვებელთა მისიამ განაცხადა თავის დასკვნაში, რომ გამოძიების დროს აფხაზურმა მხარემ მიაწოდა ექპერტებს 18 მარტს, 20 აპრილს და 12 მაისს ინციდენტების ადგილზე მოგროვილი თვითმფრინავების ნამსხვრევები. დასკვნაში ასევე ნათქვამია, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური მხარე აცხადებს, რომ 7 უპილოტო თვითმფრინავი ჩამოაგდო 18 მარტიდან – 12 მაისამდე პერიოდში, გაეროს დამკვირვებელთა მისიამ დაადასტურა, რომ მხოლოდ 18 მარტის, 20 აპრილის და 12 მაისის ინციდენტების ადგილებზე ნაპოვნი ნამსხვრევები ეკუთვნოდა Hermes 450 ტიპის თვითმფრინავებს.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button