skip to content
ახალი ამბები

თბილისი აფხაზეთის წინააღმდეგ ”სამხედრო ოპერაციას” გეგმავს – აცხადებს რუსეთი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ზემო კოდორის ხეობაში იარაღის რაოდენობის ზრდასთან ერთად ქართული შეიარაღებული ძალებისა და პოლიციელთა რაოდენობამ 1500 გადააჭარბა, რაც მიუთითებს, რომ ”მზადდება პლაცდარმი აფხაზეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის”.


ამის შესახებ საუბარია 29 აპრილს გავრცელებულ შეტყობინებაში, სადაც რუსეთის საგარეო უწყება ქრონოლოგიურად აღწერს თბილისის პოლიტიკას და მომხდარ ინციდენტებს 2006 წლიდან მოყოლებული კონფლიქტების ზონებთან მიმართებაში.


”ინფორმაციით, რომელიც მოდის მათ შორის ქართულ-აფხაზურ კონფლიქტის ზონაში განლაგებული დსთ-ს კოლექტიური სამშვიდობო ძალების პოსტებიდან, ფიქსირდება ზემო კოდორის ხეობაში როგორც შეიარაღების, საწვავ-საპოხი მასალების, სურსათის და სხვა მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების, ისე საქართველოს შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის გადასროლა,  საჯარისო და პოლიციური დანაყოფების საერთო ოდენობა ზემო კოდორის ხეობაში უკვე 1500 ადამიანს აჭარბებს,”- აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ”აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების” კუთვნილი პოლიციური დანაყოფების გარდა ზემო კოდორის ხეობაში იმყოფებიან ქართული სპეცრაზმის, სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალური და საპატრულო პოლიციის, კონტრდაზვერვის და თავდაცვის  სამინისტროს დანაყოფები. ამას გარდა, გააჩნიათ არტილერია (122 მილიმეტრიანი დანადგარი და რამდენიმე ერთეული ნაღმტყორცნები). საქართველოს საჰაერო ძალების ავიაცია მუდმივად ახდენს ფრენებს სამშვიდობო ძალების პასუხიმგებლობის ზონის გავლით”. 


”ამ რეგიონში  მყოფი ძალოვანი სტრუქტურების შემადგენლობის ანალიზი გვაძლევს იმის დასკვნის გაკეთების საშუალებას, რომ მზადდება პლაცდარმი აფხაზეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციისთვის,”- აცხადებს ოფიციალური მოსკოვი.


აქვე ნათქვამია ისიც, რომ მიუხედავად გაეროს უშიშროების საბჭოს უკანასკნელი რეზოლუციების და გაეროს გენერალური მდივნის მეგობართა ჯგუფის რეკომენდაციებისა, ქართული მხარე ”დაჟინებით უარს ამბობს სოხუმთან და ცხინვალთან ძალის არ გამოყენების შესახებ შეთანხმების ხელმოწერაზე კონფლიქტების მოსაგვარებლად”.


ოფიციალურ თბილისს ამ ბრალდებებზე კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button