skip to content
ახალი ამბები

მოსკოვი აკნინებს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომას საქართველოს თემაზე

გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე საქართველო შეეცადა საბჭოს წევრების ყურადღება თვითმფრინავის ინციდენტისკენ მიემართა, თუმცა არაფერი გამოუვიდა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 24 აპრილს.


საქართველომ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, რომელიც 23 აპრილს გაიმართა, ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის რუსული MIG-29 გამანადგურებლის მიერ ჩამოგდების საკითხი დააყენა. სხდომაზე ასევე იქნა განხილული რუსეთის გადაწყვეტილება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ოფიციალური ურთიერთობების დამყარების თაობაზე.


რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, ”უშიშროების საბჭოს დიდ უმრავლესობას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ბაქრაძის გამოსვლაზე თავშეკავებული რეაქცია ჰქონდა”. ამავე დროს, ”სხდომის შედეგად რაიმე დოკუმენტი არ იქნა მიღებული”.


ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ 23 აპრილს, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის შემდეგ ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნეს, რომელშიც გამოხატეს ”ღრმა შეშფოთება” რუსეთის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეცვალოს ან არ განახორციელოს ეს გადაწყვეტილება. ოთხივე ქვეყანა, რუსეთთან ერთად, გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფში შედის, რომელიც აფხაზეთის კონფლიქტის საკითხებზე მუშაობს.


ოთხი სახელმწიფოს ერთობლივ განცხადებაში არაფერია ნათქვამი თვითმფრინავის ინციდენტთან დაკავშირებით.


პრეზიდენტმა სააკაშვილმა 24 აპრილს განაცხადა, რომ ეს ერთობლივი განცხადება მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, რადგანაც ”პირველად” მეგობართა ჯგუფი ”გაიყო” და რუსეთი მარტო დარჩა.

Back to top button