skip to content
ახალი ამბები

ცესკო მმართველი პარტიის სიასთან დაკავშირებულ დაპირისპირებას პასუხობს

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) 24 აპრილს გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც მმართველი პარტიის მიერ დეპუტატობის კანდიდატთა სიის წარდგენასთან დაკავშირებული დაპირისპირების თაობაზე საკუთარ ვერსიას ახმოვანებს.


ცესკოს წინასწარ დაგეგმილ სხდომაზე, რომელიც 21 აპრილის საღამოს 7 საათზე დაიწყო (სიების წარდგენის ბოლო ვადის ამოწურვიდან ერთ საათში), ცესკოს წევრმა რესპუბლიკური პარტიიდან მმართველი პარტიის სიის ნახვა მოითხოვა, ნათქვამია განცხადებაში.  ამის საპასუხოდ, ცესკოს თავმჯდომარემ ლევან თარხნიშვილმა აუხსნა კომისიის ოპოზიციურ წევრს, რომ ოთახი, სადაც პარტიული სიები ინახებოდა, ჩაკეტილი იყო. ამის შემდეგ, ცესკოს ოთხმა ოპოზიციურმა წევრმა პროტესტის ნიშნად სხდომა დატოვეს, ნათქვამია კომისიის განცხადებაში.  


განცხადების თანახმად, სხდომის დასრულების შემდეგ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მხარდამჭერთა საკმაოდ დიდი რაოდენობის თანხლებით, ცესკოს შენობაში შეიჭრნენ. ”ისინი შენობის ორივე სართულზე განლაგდნენ და ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მიერ ცესკოში ჩაბარებული სიების ნახვას მოითხოვდნენ,” – ნათქვამია განცხადებაში.


ცხარე დებატების შემდეგ ოპოზიციას, ცესკოს წევრებსა და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის, მიღწეულ იქნა შეთანხმება მმართველი პარტიის სია დამკვირვებელთა და ცესკოს წევრთა, მათ შორის ოპოზიციური პარტიებიდან, თანდასწრებით გაეხსნათ.


ცესკოს განცხადების თანახმად, ოპოზიციის ლიდერები თავდაპირველად არქივის ოთახის გახსნას და შემოწმებას მოითხოვდნენ, ვინაიდან მათი ინფორმაციით სიები სწორედ ამ ოთახში ინახებოდა.


”მას შემდეგ რაც აღმოჩნდა, რომ არქივის ოთახში სიები არ ინახებოდა, ოპოზიციის წარმომადგენლებმა მორიგი ბრალდება წამოაყენეს; მათი განცხადებით მათ სიების ადგილსამყოფელის შესახებ არასწორი ინფორმაცია მიაწოდეს, იმ მიზნით, რომ ნაციონალური მოძრაობის სიაში ცვლილებები შეეტანათ,” – ნათქვამია განცხადებაში.


ცესკოს ცნობით, კანცელარიის ოთახში სეიფი საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლების თანდასწრებით გაიხსნა, აღმოჩნდა, რომ იქ ერთად ინახებოდა ყველა საარჩევნო სუბიექტის მიერ შემოტანილი საარჩევნო სიის დალუქული პაკეტები.

Back to top button