
სააკაშვილის განცხადება სამშვიდობოებზე – სრული ტექსტი
სააკაშვილის განცხადების სრული ტექსტი, 2008 წლის 24 აპრილი:
”ეს არის პირველი სხდომა [გაეროს უშიშროების საბჭოს] მას შემდეგ, რაც გაეროს მანდატი მოქმედებს აფხაზეთთან მიმართებაში, სადაც გაიყო მეგობართა ჯგუფი. გაეროს მეგობართა ჯგუფის ოთხმა წევრმა რუსეთის ფედერაციის კრიტიკით გააკეთა ცალკე განცხადება. ეს არის პირველი ასეთი შემთხვევა ბოლო 14 წლის განმავლობაში მას შემდეგ, რაც შეიქმნა ეს ჯგუფი.
მე ვფიქრობ, ეს არის ის, რამაც სერიოზულად უნდა დააფიქროს ჩვენი მეგობრები და პარტნიორები მოსკოვში. საქმე იმაშია, რომ მათ თავის გადაწყვეტილებით გადალახეს მათი ზღვარი, რომლის იქით ნორმალური ურთიერთობები და ნორმალური საერთაშორისო დიპლომატიური პროცესი ძალიან სერიოზული დარტყმის ქვეშ დგება.
საქართველო არის კონსტრუქციული მშვიდობიანი ქვეყანა, ჩვენ ვართ დაინტერესებული მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებში რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ ჩვენ ვერ შევეგუებით ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც მიმართული იქნება საქართველო ტერიტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი ანექსიისკენ, ეთნიკური წმენდის დაკანონებისკენ და თანაც ეს იქნება ქვეტექსტად გამოყენებული იმისათვის, რომ საქართველომ შეიცვალოს საგარეო პოლიტიკური ორიენტაცია, შეიცვალოს საკუთარი პოლიტიკური სისტემა.
დღეს დილით წავიკითხე აშშ-ს ოფიციალური განცხადება, სადაც პირველად ასევე ამ წლებში, ყოველგვარი დიპლომატიური რევერანსების და მიკიბ-მოკიბვის გარეშე ნათქვამია, რომ ის თვითმფრინავი, რომელიც ბომბავდა საქართველოს იყო რუსული და ასევე კიდევ ერთხელ დადასტურებულია ამერიკის პოზიცია რუსეთის პოზიციების გადახედვასთან დაკავშირებით.
ჩვენი პოზიცია არის შემდეგი: ჩვენ ვართ და ვრჩებით კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების ზედმიწევნით მომხრეები. მეგობრებმა გაეროშიც, ჩვენმა ბევრმა პარტნიორმა და ასევე აშშ-მ რამდენჯერმე ბოლო დღეების განმავლობაში ეჭვქვეშ დააყენა რუსეთის, როგორც ნეიტრალური შუამავლის როლი მთელ ამ პროცესებში.
ეს ჩვენ გვიბიძგებს დავიწყოთ კონსულტაციები ჩვენს მეგობრებთან გაეროს მისიის ფორმატის გადახედვაზე და გაეროს მისიის გაძლიერებაზე ისევე, როგორც მეგობარი სახელმწფოების როლის და შუამავლის სტატუსის გაზრდაზე და გაძლიერებაზე ორივე კონფლიქტის ზონაში.
მაგრამ ამავე დროს რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის შემდგომ იქ ყოფნის მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით ჩვენ დავიწყებთ ინტენსიურ მოლაპარაკებას ყველა ჩვენ მეგობართან და შევატყობინებთ ყველა ჩვენი გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც არის სუვერენული გადაწყვეტილება ქართული სახელმწიფოსი, ასევე რუსეთის ფედერაციას.
მე ხაზს ვუსვამ, საქართველო არ გადადგამს არცერთ ისეთ ნაბიჯს, რომელის რაიმე სახით საფრთხის ქვეშ დააყენებს მშვიდობას და უსაფრთხოებას ამ რეგიონში. მაგრამ დღეს რუსეთის იქ ყოფნა, რუსული კონტიგენტის იქ ყოფნა და ქმედებები, რომლებიც განხორციელდა ამ ბოლო კვირეების განმავლობაში, ერთმნიშვნელოვნად რისკ-ფაქტორად აქცევს ასეთი ტიპის ყოფნას და ქმედებებს კონფლიქტის ზონაში.
ამიტომ ჩვენ არ ვაპირებთ რაიმე მოულოდნელი, ნაჩაქრევი ან დაუსაბუთებელი ნაბიჯის გადადგმას, რომელიც რაიმე პრობლემას შეუქმნის მშვიდობას და უსაფრთხოებას. ჩვენ გადავდგამთ მხოლოდ იმ ნაბიჯებს, რომლებიც პირიქით, მოემსახურება მშვიდობის განმტკიცებას, პირიქით მოემსახურება კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხს.
ამავე დროს ჩვენ გუშინ გავაგზავნეთ წერილი მოსკოვში, სადაც მზად ვართ რუსეთის ამ გადაწყვეტილებების გადახედვის პარალელურად, რომელსაც ჩვენ ველით და ამას ელის რუსეთისგან ევროკავშირი, ყველა პარტნიორი სამშვიდობო პროცესში, ევროპის სახელმწიფოთა აბსოლუტური უმრავლესობა, პრაქტიკულად, ყველა პოსტ-საბჭოთა ქვეყანა, ჩვენ ასევე გვაქვს პოზიცია დსთ-ს წევრი ქვეყნების, რომლებიც არ იწონებენ ამ გადაწყვეტილებებს – აი ამ გადაწყვეტილებების შეცვლის და გადახედვის პარალელურად ჩვენ მზადა ვართ რუსეთთან ვაწამოოთ ამომწურავი მოლაპარაკებები, რომელიც ეხება ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების განვითარებას, ჩვენი ხალხების დაახლოებას, კონფლიქტების მშვიდობიანად გადაწყვეტას, კონფლიქტის ზონაში მცხოვრებ ყველა მოქალაქის ინტერესების გათვალისწინებას.
ჩვენი ამოცანა არის, რომ თავიდან ავიცილოთ რაიმე სახის მასშტაბური ან სხვა სახის გართულება და შეუქცევადი ხასიათი მივცეთ სამშვიდობო პროცესს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და საქართველოს ერთიანობას იმ სამშვიდობო ინიციატივების ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია გაეროს მეგობართა ჯგუფის ყველა წევრის მიერ, რუსეთის გარდა, ევროკავშირის და აშშ-ს მიერ”.