skip to content
ახალი ამბები

აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატები გმობენ რუსეთის გადაწყვეტილებას

აშშ-ს პრეზიდენტობის დემოკრატმა კანდიდატმა ბარაკ ობამამ 21 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის გადაწყვეტილება ოფიციალური ურთიერთობები დაამყაროს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან ”ძალიან შემაშფოთებელია და ეწინააღმდეგება რუსეთის, როგორც გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრის ვალდებულებებს”.


”პუტინის განცხადება არ აღიარებს აფხაზეთს და სამხრეთ ოსეთს დამოუკიდებელ სახელმწიფოებად, მაგრამ დაპირებები ამ ორ რეგიონთან უფრო ახლო ურთიერთობების დამყარებასთან დაკავშირებით, საფრთხეს უქმნის საქართველოს ხელისუფლებას და აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ძალების წახალისების ტოლფასია,” – განაცხადა მან.


ცოტა ხნის წინ პრეზიდენტობის კიდევ ერთმა დემოკრატმა კანდიდატმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა , რომ მოსკოვის ქმედება ”ძირს უთხრის საქართველოს სახელმწიფოს ტერიტორიულ მთლიანობას და მიზნად ისახავს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლების დესტაბილიზაციას”.


პრეზიდენტობის რესპუბლიკელმა კანდიდატმა ჯონ მაკკეინმა განაცხადა: ”ამგვარი ქმედება საერთაშორისო სამართლის დარღვევის ტოლფასია და იმსახურებს კატეგორიულ დაგმობას ყველა იმ ქვეყნის მხრიდან, რომლებიც იცავენ კანონის უზენაესობას… სამწუხაროდ, რუსეთის ლიდერებმა აირჩიეს კონფრონტაციის გზა, ნაცვლად თანამშრომლობისა… ჩვენ არ უნდა დავრთოთ ნება რუსეთს იფიქროს, რომ მას შეუძლია ისეთი კურსი აირჩიოს, რომელიც საქართველოს სუვერენიტეტს ძირს უთხრის”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button