skip to content
ახალი ამბები

აშშ: ქართული უპილოტო თვითმფრინავი ”სავარაუდოდ” რუსულმა MIG-29-მ ჩამოაგდო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა 23 აპრილს გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ის ”ღრმა შეშფოთებას გამოხატავს აფხაზეთის თავზე ქართული უპილოტო მზვერავი თვითმფრინავის, სავარაუდოდ, რუსული MIG-29-ს მიერ ჩამოგდების გამო”.


საქართველოს განცხადებით, მისი უპილოტო მზვერავი თვითმფრინავი რუსულმა გამანადგურებელმა ჩამოაგდო. რუსეთი უარყოფს, რომ ეს მისი თვითმფრინავი იყო. საქართველომ ასევე განაცხადა, რომ MIG-29 გუდაუთის სამხედრო ბაზიდან აფრინდა და ქართული საფრენი აპარატის ჩამოგდების შემდეგ რუსეთში გაფრინდა.


”ჩვენ ვადასტურებთ ჩვენს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და შეშფოთებას გამოვხატავთ MIG-29-ის ქართულ საჰაერო სივრცეში ფრენის გამო, ქართული მხარის ნებართვის გარეშე და ასევე ამ თვითმფრინავიდან ჭურვის გასროლის გამო ქართული უპილოტო თვითმფრინავის ჩამოსაგდებად,” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა.


განცხადებაში ასევე შეშფოთებაა გამოთქმული რუსეთის გადაწყვეტილების გამო ”გააღრმავოს ურთიერთობები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებასთან, რაც საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს იმ ფაქტს, შეძლებს თუ არა რუსეთი კვლავაც შეასრულოს შუამავლის ფუნქცია რეგიონში კონფლიქტების მოგვარების საქმეში”.


რუსეთის თქმით, მისი გადაწყვეტილება გააღრმავოს ურთიერთობები თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიზნად ისახავს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისთვის სოციალური პრობლემების შემსუბუქებას.


”ჩვენ ვიზიარებთ რუსეთის და გაეროს გენერალური მდივნის მეგობარი ქვეყნების ჯგუფის სხვა წევრების სწრაფვას, რომ შეუმსუბუქონ სეპარატისტული რეგიონების მოსახლეობას იზოლაცია და სიღარიბე,” – განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა, ”მაგრამ ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ მჭიდრო თანამშრომლობით საქართველოს ხელისუფლებასთან, რომელიც პასუხისმგებელია  მის ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის კეთილდღეობაზე”.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button