
ლიტვის პრემიერ-მინისტრი ხანმოკლე ვიზიტით საქართველოს ესტუმრა
ლიტვის პრემიერ-მინისტრი გედიმინას კირკილასი 23 აპრილს მოულოდნელი ხანმოკლე ვიზიტით თბილისს ესტუმრა და პრეზიდენტ სააკაშვილს შეხვდა, რათა ლიტვის მხარდაჭერა გამოეხატა საქართველოსთვის რუსეთთან დაძაბული ურთიერთობების ფონზე.
იმავდროულად, ლიტვის პრეზიდენტმა ვალდას ადამკუსმა ევროკავშირის და ნატოს ლიდერებს, ასევე ეუთოს და გაეროს წერილი გაუგზავნა, რომელშიც შეშფოთება გამოხატა საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონებთან მიმართებაში რუსეთის გადაწყვეტილების გამო.
”იმედი მაქვს და მოვუწოდებ გაეროს, ნატოს, ეუთოს და ევროკავშირის ხელმძღვანელობას, ერთობლიობაში და ევროკავშირის და ნატოს წევრ სახელმწიფოებს, ინდივიდუალურად, ყურადღება გაამახვილონ რუსეთის ცალმხრივ ნაბიჯებზე, რომელიც ადრე მიიჩნეოდა როგორც შუამავალი ამ კონფლიქტების სამშვიდობო პროცესში,” – აცხადებს პრეზიდენტი ადამკუსი წერილში, ”გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა და ნატომ უფრო ამბიციური მიდგომა გამოიჩინონ საქართველოს მიმართ”.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა ლიტვის პრემიერ-მინისტრს განუცხადა, რომ მისი ქვეყნის მხარდაჭერა ”ძალიან მნიშვნელოვანია” განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქართველოს ”მშვიდობისთვის ბრძოლა უწევს”.
”ჩვენს ტერიტორიას ბომბავენ და ხდება ფაქტობრივი და დე იურე ანექსია, რაც დოკუმენტურადაც არის დადასტურებული,” – განაცხადა სააკაშვილმა, ”ეს უკვე პოლიტიკური თამაში კი არა, გაცილებით სერიოზული პრობლემაა”.